ახალი ამბები

მოქმედმა მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

მოქმედმა მთავრობამ, რომელიც ამჟამად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილის კოალიციისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესშია, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.  

პროექტი აგებულია იმ წინასაარჩევნო გეგმაზე, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და მისი მთავრობა წარმართავდა კამპანიას.

პროექტში საბიუჯეტო შემოსავლები გაზრდილია 7.234  მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები 7.117 მლრდ ლარამდე წელს არსებული, შესაბამისად, 7.053 მლრდ და 6.783 მლრდ ლარიდან. საგადასახადო შემოსავლები, პროექტის თანახმად, 6.730 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი.

მთავრობაში შემავალი 20 სამინისტროდან ცხრას დაფინანსება გაზრდილი აქვს, ამდენივეს დაკლებული, ხოლო ორს უცვლელად აქვს შენარჩუნებული, ბიუჯეტის პროექტის თანახმად.  

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 500 მლნ ლარზე მეტით; განათლების სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 40 მლნ ლარით, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 34 მლნ ლარით არის გაზრდილი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პრიორიტეტულ სფეროებად სწორედ ამ მიმართულებებს ასახელებს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გაზრდილია თავდაცვის სამინისტროს (არსებული 676.5 მლნ–დან 690 მლნ ლარამდე); ასევე პარლამენტის; მთავრობის კანცელარიის; ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის; იუსტიციის სამინისტროს; სასჯელაღსრულების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება.

შემცირებულია უშიშროების საბჭოს აპარატის; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის; ფინანსთა; ეკონომიკის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; საგარეო საქმეთა; კულტურის და ძეგლთა დაცვის; იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ენერგეტიკის; გარემოს დაცვის; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების; ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უცვლელად არის დატოვებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების და საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება.

ამასთან, 2013 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%, ხოლო მისი ნომინალური მაჩვენებელი 29 291,7 მლნ ლარია –  ნომინალური მშპ-ს პროგნოზი მიმდინარე წელს 26 443,7 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, მოქმედი მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მშპ–ის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი არსებული 3.5%-დან 2.8%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა 36.5%-დან 32.8%-მდე მცირდება მომავალ ფისკალურ წელს.

ბიუჯეტის პროექტს ახალარჩეული პარლამენტი განიხილავს. მოსალოდნელია, რომ არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნება“ პირველად პროექტში მნიშვნელოვან ცვლილებების განახორციელებს. ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

Back to top button