skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ვილიამ ლაჰიუს შეხვდა და გაიმეორა მისი კოალიციის ერთგულება ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან დაწვრილებითი“ საუბარი შედგა ნატო–საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგზე და დასძინა, რომ „კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი ნატოში შესვლის“.

„პრობლემები, რაც არსებობდა და კითხვები, რომლებიც არსებობს დღეს და ძირითადად, ეს კითხვები ეხება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში არ არის იმ დონის როგორიც უნდა იყოს. ამ მხრივ მე განვუმარტე, რომ უახლოეს დროში, ძალიან სწრაფად ჩვენ მოვახერხებთ და გარდატეხას შევიტანთ ადამიანის უფლებებს რაც შეეხება, სასამართლოს და ასე შემდგომ“, – განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

„ნატო გახლავთ სამხედრო–პოლიტიკური სტრუქტურა და მარტო სამხედრო მომზადება არ არის საკმარისი. ამ მხრივაც ჩვენ საუბარი გვქონდა და იქ რაც არის პრობლემები, აქაც განვვითარდებით“, – განაცხადა მან.

„მე მგონი, რომ რეალურად მოვახერხებთ და არა ფასადურად რასაც საუბრობდა ჩვენი ხელისუფლება, რომ რეალურად ძალიან სწრაფად ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნატო–საქართველოს ურთიერთობების წარმოების მექანიზმები იქნა განხილული.

„ჩვენ ძალიან, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ვისმენთ ბატონი ივანიშვილის ერთგულებას ნატოს ღირებულებების და იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც საქართველო ატარებს იმისათვის, რომ გახდეს ნატოს წევრი. ეს პროცესი უკიდურესად მნიშვნელოვანია და ჩვენ დაგვარწმუნა, რომ ის კვლავაც დაუჭერს მხარს ამ პროცესს და საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას“, – განაცხადა ვილიამ ლაჰიუმ.

„როდის დადგება ნატოში წევრობა, რა თქმა უნდა, ამის თქმა ამჟამად არ შეგვიძლია, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების პროცესი იმისათვის, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი და კვლავაც ერთგული იყოს ჩრდილო–ატლანტიკურ ხელშეკრულებაში ასახული ღირებულებების მიმართ, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის თავისუფლება", – განაცხადა მან.

„ბატონმა ივანიშვილმა დაგვარწმუნა, რომ მისი მთავრობა მხარს დაუჭერს ამ ღირებულებებს და საკმაოდ დაგვამშვიდა მისმა გეგმებმა მთავრობის რეფორმირებისა და თანამდებობის ახალი პირების დანიშვნის თაობაზე, რომლებიც ამ საკითხებს ძლიერ მხარდაჭერას აღმოუჩენენ“, – განაცხადა ნატოს მეკავშირე ოფიცერმა.

4 ოქტომბერს ნატოს სამეკავშირეო ოფისმა თბილისში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველ ხალხს „ისტორიული საპარლამენტო არჩევნები“ მიულოცა.

„ამ არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის რწმენის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. მაშინ, როდესაც ბოლო ხმების დათვლა მიმდინარეობს, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა განაგრძოს დემოკრატიული პროცესების და კანონის უზენაესობის მიმართ თავიანთი ერთგულების დემონსტრირება ხმების დათვლის და დავების მოგვარების სამართლებრივი პროცედურების გამოყენების გზით“, – განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button