skip to content
ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ ‘ქართულ ოცნებასთან’ დიალოგისთვის ოთხწევრიანი ჯგუფი დაასახელა

ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოთხწევრიანი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს გამართავს ძალაუფლების უმტკივნეულო გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ 4 ოქტომბერს.

ჯგუფის წევრები არიან თავად გიგა ბოკერია; თბილისის მერი გიგი უგულავა; პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაასახელა სამწევრიანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან დიალოგში ჩაერთვება: ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი; დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი; და ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ერთ–ერთი ლიდერი.

„საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ყველა პროცესი წარიმართოს კონსტიტუციის ფარგლებში, შეფერხების გარეშე, დროულად და რა თქმა უნდა, მშვიდობიანად“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ 4 ოქტომბერს.

„ამ ამოცანის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, საჭიროა დიალოგი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებსა და ჩვენი  პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს შორის“, – განაცხადა მან.  „იმედია, ეს დიალოგი დაიწყება უახლოეს მომავალში და ბუნებრივია, საზოგადოება იქნება ინფორმირებული მისი დაწყების და მიმდინარეობის თაობაზე“.

This post is also available in: English Русский

Back to top button