
„ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია
28 სექტემბერს დღისით "ლიბერთი ბანკის" თბილისში მდებარე სათაო ოფისში გაჩენილი ხანძარი, რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა, ლიკვიდირებულია, განაცხადა ბანკის მმართველმა, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ლადო გურგენიძემ.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები ჯერ–ჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ეს ელექტროსისტემით იყოს გამოწვეული. ბანკის მმართველის თქმით, თანამშრომლების ევაკუაცია სრულად განხორციელდა.
ლადო გურგენიძის თქმით, ხანძრის გამო ბანკის სასერვეროს არ მიეწოდება დენი, რის გამოც „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატები არ იმუშავებს, თუმცა აღდგება „რაც შეიძლება სწრაფად“.
მან იმედი გამოთქვა, რომ ის 1.5 მილიონი მომხმარებელი, მათ შორის პენსიონერები, რომელიც ბანკის სერვისით სარგებლობს, გაგებით მოეკიდება „2–3 დღის მანძილზე თუკი რამე შეფერხება იქნება“.
გავრცელებული ინფორმაციით, შუშის ფასადის მქონე შენობაში ხანძარმა მინების მსხვრევა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტვა გამოიწვია.
„ამ წუთში არ ვიცი შენობის ზიანის მასშტაბი. შენობა ცხადია დაზღვეულია“, – განუცხადა გურგენიძემ „რუსთავი 2“–ს 18–საათიან გამოშვებაში პირდაპირი ჩართვის დროს.