ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნება“ სულ ცოტა ექვსი აქტივისტი დააკავეს ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღეების განმავლობაში და მათ უმეტესობას ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს.

„ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა 23 სექტემბერს, რომ დაპატიმრებების სერია ხელისუფლების მცდელობაა, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი აქტივისტი საარჩევნო პროცესს, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს, ჩამოაშორონ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი 23 სექტემბერს დააკავეს და წვრილმან ხულიგნობაში დასდეს ბრალი; შსს ცნობით ჟორჟოლიანმა მესტიის საოლქო კომისიის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; მას 40–დღიანი პატიმრობა შეეფარდა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისმა დაპატიმრებამ პროტესტი გამოიწვია და ათობით ადამიანმა, მათ შორის მისმა ნათესავებმა მესტიის ადგილობრივი პოლიციის წინ პოლიციის ავტომანქანას ალყა შემოარტყეს და არ აძლევდნენ მას საშუალებას ჟორჟოლიანი ზუგდიდში გადაეყვანათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  „პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით“.

ასევე 23 სექტემბერს პოლიციამ კასპში „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ყოფილი პოლიციის თანამშრომელი მამუკა ჯანანაშვილი დააკავა. შსს–მ განაცხადა, რომ „აღნიშნულ პოიროვნებას საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩნდა უკანონოდ შენახული ტყვია-წამალი“.

„ქართული ოცნების“ კიდევ სამი აქტივისტი – ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიშვილი – სოფელ შინდისში დააკავეს.  შსს–ს განცხადებით, მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ამავე ინფორმაციით, სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტი უშანგი ნაპირელი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დააკავეს, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო; მას 40–დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button