
ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის თაობაზე განცხადებით პრემიერ–მინისტრს მიმართა
ხათუნა კალმახელიძემ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ კადრებს ფართო საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
„ჩემთვის უაღრესად შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამასთან დაკავშირებით მე მივმართე პრემიერ–მინისტრს ჩემი გადადგომის თაობაზე“, – განაცხადა კალმახელიძემ, რომელიც უწყებას 2009 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, მინისტრობის პერიოდში ის ცდილობდა, რომ ადამიანის უფლებები დაცული ყოფილიყო სასჯელაღსრულების სისტემაში და ის მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან.
„მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, რადგან ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა ვისი დაორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანურად მე ძალიან ვწუხვარ და მე მინდა ავიღო ადამიანური და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.
18 სექტემბერს კალმახელიძე აცხადებდა, რომ დამნაშავეთა მიზანი სასჯელარსრულების სისტემის დისკრედიტაცია იყო და ადგილი ჰქონდა პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას "გარედან".
კალმახელიძე იყო იმ საპროტეტო აქციის მონაწილეთა მთავარი სამიზნე, შინაგან საქმეთა მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან ერთად, რომელიც 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვა მას შემდეგ, რაც 18 სექტემბერს პატიმართა ცემის, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი შემზარავი ვიდეო–კადრები გაავრცელდა.
ჯერ–ჯერობით უცნობია დააკმაყოფილა თუ არა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კალმახელიძის განცხადება გადადგომის თაობაზე.
მერაბიშვილმა 19 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „მე პირადად ვუზრუნველყოფ“ იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გამოირიცხოს წამების ფაქტები. მან პრეზიდენტის მსგავსად, დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.
„ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.