skip to content
ახალი ამბები

არჩევნების წინ საქართველოს ევროკავშირის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა

ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 სექტემბერს თბილისში ხელისუფლების, მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართეს, სადაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, შესაბამისად ნიკოლაი მლადენოვი, კარელ შვარცენბერგი, ედგარს რინკევიჩი, აუდრონიუს აჟუბალისი და ტიტუს კორლატეანი, მიესალმნენ საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზი გაუსვეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.  

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები მიეცეს. თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ევროკავშირისთვის, ნატოსთვის და ზოგადად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის რეგიონში“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის გზავნილი, რომელიც როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის გაკეთდა, ეხებოდა იმის საჭიროებას, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი ევრო–ატლანტიკური ვალდებულებები და ისეთი არჩევნები ჩაატაროს, რომელიც „როგორც შინ, ისე გარეთ სრული სანდოობით“ ისარგებლებს. 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს, და არა თავად პოლიტიკურ პარტიებს ან ზოგიერთ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ორგანიზაციას, შეუძლიათ უზრუნველყონ არჩევნების პროცესის მიუკერძოებელი და ობიექტური შეფასება. საერთაშორისო თანამეგობრობა საკუთარ დამკვირვებლებს ენდობა“.

„საქართველოს წარმატების ისტორია განაცვიფრებს და ამავე დროს შთააგონებს ბევრ ადამიანს. ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მიერ გაკეთებულ სამ მნიშვნელოვან არჩევანს: ესაა გადაწყვეტილება, განაგრძოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი; სურვილი, რომ კვლავაც განახორციელოს საჭირო რეფორმები; და განზრახვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“, – დასძინა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფოს მაღალი რანგის დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს, რომ წარმატებული საარჩევნო პროცესის განხორციელება როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული.

„საქართველო შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოაქვს კონკრეტული სარგებელი ევროკავშირთან და ნატოსთან დიალოგის შესახებ გადაწყვეტილებას. ეს არის პროგრესი ასოცირებულ შეთანხმებაზე და თავისუფალ ვაჭრობაზე, ასევე პირველი ნაბიჯები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ისწავლონ ამ პროგრესის მაგალითზე“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

17 სექტემბერს ხუთ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ გამოხატა  კოალიციის ერთგულება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.

მოგვიანებით იმავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეხვდნენ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს; ახალი მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს სოსო შატბერაშვილს.

მინისტრები ასევე შეხვდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას; პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს; პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრებს ყვარელში უმასპინძლა.

თვის დასაწყისში საქართველოს შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობდნენ, რომელთაც საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button