
არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 17 სექტემბერს საქართველოს ეწვევიან 1 ოქტომბერს დაგეგმილ „საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს.
სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის მიზანია „არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა“ და საქართველოს რეფორმების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ მხარდაჭერის დადასტურება.
ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან, იტყობინება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამ უწყებისვე განცხადებით, დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
„ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევის, ასევე ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების, საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ასპექტების განხილვა“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 სექტემბერს.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 სექტემბერს გავრცელებულ პრეს–რელიზში განაცხადა, რომ ხუთი საგარეო საქმეთა მინისტრისგან შემდგარი დელეგაცია მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხს განიხილავს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის „ყურადღების ცენტრში“ იქნება.
გასულ კვირას საქართველოს შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობდნენ, რომელთაც საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.
This post is also available in: English Русский