
მაკკეინი: ‘საქართველოს თავდაცვითი იარაღი სჭირდება’
თბილისში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორებმა, ჯონ მაკკეინმა და ჯო ლიბერმანმა, 6 სექტემბერს განაცხადეს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ აქტიურ ძალისხმევას, რათა შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს.
„ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით კონგრესში და გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა საქართველოსთვის შეერთებული შტატებიდან თავდაცვითი იარაღის მიწოდება მოხდეს, რაც მთავრობას მისცემს საშუალებას დაიცვას ქართველი ხალხის და ქვეყნის თავისუფლება “, – განაცხადა სენატორმა ჯო ლიბერმანმა პრესკონფერენციაზე.
„საქართველოს სჭირდება თავდაცვითი იარაღი და ჩვენ გავაგრძელებთ, რაც კი შესაძლებელია იმის გაკეთებას, რომ ეს თავდაცვითი იარაღი მიეწოდოს საქართველოს", – განაცხადა სენატორმა მაკკეინმა.
„ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იქონიოს თავდაცვითი იარაღი იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი თავი“, – დასძინა მან.
სენატორ ლინდსი გრემთან ერთად მაკკეინი და ლიბერმანი საქართველოს 6–7 სექტემბერს სტუმრობენ და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეხვედრებს მართავენ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს“, – განაცხადა სენატორმა ლიბერმანმა, „ჩვენ დავგმეთ და გავაგრძელებთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაპყრობის დაგმობას“.
სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „კავკაზ–2012“ შეშფოთების საფუძველია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვაშფოთებდეს რუსული ‘წვრთნები’ საზღვართან ახლოს; [ამ წვრთნების] საჭიროება არ არის და გარკვეულწილად შეიძლება მუქარის შემცველად აღიქმებოდეს; იმედია ეს ასე არ არის და ვიმედოვნებ, რომ ესაა ჩვეული წვრთნები, რომლებსაც რუსები გეგმიურად ატარებენ, მაგრამ ყოველთვის არის გარკვეული შეშფოთების საგანი, როცა მსგავსი რამე ხდება“, – განაცხადა მან.