ახალი ამბები

სააკაშვილი “ყველაზე თავისუფალ” არჩევნებს პირდება

საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარდება „ყველაზე თავისუფალი“ არჩევნები ქვეყნის უახლეს ისტორიაში და „დარწმუნებული ვარ“ ქართველი ხალხი გააკეთებს „აბსოლუტურად სწორ არჩევანს“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 სექტემბერს.

ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ „გარედან ჩარევის მცდელობის მიუხედავად“, არჩევნები დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით ჩატარდება.

„ქართველი ხალხი არ დაუშვებს არანაირ ესკალაციას. ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. ქართველ ხალხს სწამს სისტემის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად დამკვირვებლების და გამჭირვალობის პირობებში", – განაცხადა მან.  

„რა თქმა უნდა, ყოველთვის იყვნენ საქართველოში სხვადასხვა დონის რადიკალები, მათ შორის ყოველთვის იყო გარედან ჩარევის მცდელობა. არაფერ ახალს ჩვენ არ ვნახულობთ, მაგრამ ნურავის ნურაფრის ილუზია ნუ ექნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის ყველა პრინციპების დაცვით“, – განაგრძო მან, „ყოველგვარი მანიპულაციები, ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოგცემს იმ შედეგს და რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ვიღაცის მანიპულაცია, ყოველთვის შეიძლება ვიღაცის დეზინფორმაცია, ყოველთვის შეიძლება ვიღაცის ყიდვა  საქართველოს შიგნითაც და ყოველთვის შეიძლება ვიღაცის ყიდვა უცხოეთშიც, მაგრამ როგორც საქართველო არ გაიყიდება არასოდეს, ასევე დემოკრატიული სამყარო არ იყიდება და ასევე სიმართლე არ იყიდება“, – განაცხადა მან. 

„საერთო ჯამში, ქართველი ხალხი, საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება დემოკრატიული პრინციპებზე დაფუძნებით, კანონის ფარგლებში გააკეთებს აბსოლუტურად სწორ არჩევანს, ამაში მე ვარ დარწმუნებული და ჩვენ როგორც მთავრობა, ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ როგორც არა პარტიის ლიდერი, არამედ როგორც პრეზიდენტი, უზრუნველვყოფ იმას, რომ ფუნდამენტური ღირებულებები დემოკრატიის, თითოეული მოქალაქის უფლება, როგორი შეხედულებებისაც არ უნდა იყოს ის რადიკალური, თუ არა რადიკალური, იქნას გამოხატული, დაცული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„და საბოლოო ჯამში, საღი აზრი ყოველთვის იზეიმებს საქართველოში – ამაში ვარ დარწმუნებული იმიტომ, რომ ეს შეესაბამება ჩვენ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეს არის ამის ფუნდამენტური ნაწილი ყველანაირი, ყველაზე მიუღებელი აზრი იყოს გათვალისწინებული, ყველაზე რადიკალურსაც მიეცეს გამოხატვის საშუალება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა დემოკრატიულად დალაგებულ საზოგადოებაში იმარჯვებს სიმართლე და იმარჯვებს ზომიერება, მე ამაში ვარ დარწმუნებული და ასე იქნება სწორედ საქართველოში“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, 1 ოქტომბრის „ყველაზე თავისუფალ, ყველაზე გამჭირვალე“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომაც, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კურსიდან არ გადაუხვევს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ზუსტად იმ არჩევანს გააკეთებს, რაც ემსახურება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებას, ჩვენი თავისუფლების გამტკიცებას, უცხო ძალების ხელის ფათურის არ დაშვებას საქართველოს შიდა პოლიტიკაში და საქართველოს არჩევანის განსაზღვრაში და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ სვლას თავისუფლების გზით, ჩვენ გზას ისტორიული არჩევნისკენ“, – განაცხადა მან.

„თითოეული ქართული ოჯახი იგრძნობს სარგებელს ამ  არჩევანის, თითოეული ქართველი იგრძნობს მეტ ხეირს ყველაფერ იმისგან, რაც ხდება და ვერავინ უკან საქართველოს ვერ შეაბრუნებს დამოკიდებულებაში და ვერავინ საქართველოს ვერ დააბრუნებს კორუფციის, კრიმინალის და ასევე იმ პოლიტიკაში, რომელმაც არაფერი კარგი არ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც 90–იან წლებში“, – აღნიშნა სააკაშვილმა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button