ახალი ამბები

ივანიშვილი: ძალადობისკენ არასოდეს მოვუწოდებ

ბიძინა ივანიშვილმა, ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ის ძალადობისკენ არასოდეს მოუწოდებს, თუმცა „თუ რაღაც მოხდება არჩევნებში, ჩვენ გამოვიყვანთ და პირდაპირ დავათვლევინებთ ხალხს ქუჩაში, რამდენმა კაცმა მოგვცა ხმა“.

მან ეს განცხადება აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის იმ ნაწილის კომენტირებისას გააკეთა, სადაც კითხვა ამგვარად იყო ფორმულირებული: „ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას?“. ამ კითხვაზე აგვისტოს პირველ ნახევარში გამოკითხულთა 62%–მა უარყოფითი, ხოლო 16%–მა დადებითი პასუხი გასცა. ივნისში ანალოგიური კვლევის ფარგლებში დასმულ იგივე კითხვას დადებითად 27%–მა, ხოლო უარყოფითად 53%–მა უპასუხა.

„ეს ქუჩა საიდან აიღო NDI–მ მე არ ვიცი, არასდროს გამიკეთებია მე და არასდროს ძალადობისკენ არ მივუთითებ და არც მოვუწოდებ არასდროს“, – განაცხადა ივანიშვილმა 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რაც შეეხება ასეთ მიტინგებს და რაც შეეხება იმას, რომ თუ რაღაც მოხდება არჩევნებში, ჩვენ გამოვიყვანთ და პირდაპირ დავათვლევინებთ ხალხს ქუჩაში, რამდენმა კაცმა მოგვცა ხმა, ეს არ ნიშნავს, რასაც გულისხმობს „გამოვიყვანთ ხალხს ქუჩაში“. როდესაც ამას წერენ, მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს მთლად კორექტული“, – აღნიშნა მან.

„ხალხის ქუჩაში გამოყვანა, თუ არ განიმარტა რომ რა აქვს მხედველობაში, იგულისხმება, რომ დაპირისპირებისკენ მიყავს ხალხი და მოუწოდებს. არა, ჩვენ ასეთ რამეს არ ვაპირებთ“, – განაცხადა მან.

Back to top button