ახალი ამბები

სააკაშვილი: არჩევნები საქართველოსთვის „სიმართლის მომენტია“

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის „სიმართლის მომენტი“ და ახლანდელი ხელისუფლებისთვის „რეფერენდუმი“ იქნება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

14 აგვისტოს სააკაშვილმა იმერეთის რეგიონს სტუმრობდა და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თერჯოლის და ზესტაფონის რაიონების რამდენიმე სოფელში მხარდამჭერებს შეხვდა.

„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაუსვას თავის თავს ძალიან მარტივი კითხვა – იმიტომ არის ეს სიმართლის მომენტი – არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო რვა წლის წინ? და თუ ამაზეა დადებითი პასუხი და თუ გვინდა, რომ კიდევ უკეთესი იყოს, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ და დავდგეთ ერთად – ეს არის ჩვენი შეთავაზება“, – განაცხადა მან კამპანიის ფარგლებში იმერეთში გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაზე.

იმავე დღეს გამართულ სხვა შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, რასაც შემდეგ ვარდების რევოლუცია მოყვა, იყო „რეფერენდუმი შევარდნაძის 11–წლიანი მმართველობის“.

„2012 წლის არჩევნები – ეს არის რეფერენდუმი ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების… თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკეთესი იყოს, ხმა უნდა მივცეთ იმ კურსის გაგრძელებას, რომელმაც საქართველო აქცია უკეთეს ქვეყანად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იმერეთში პრეზიდენტ სააკაშვილს პირველი ლედი, სანდრა ლუროვსიც ახლდა თან, რომელიც ამ ბოლო დროს ასევე ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ხშირად სტუმრობს საავადმყოფოებს, სადაც ძირითადად, ჯანდაცვის საკითხებზე საუბრობს.

15 აგვისტოს სააკაშვილი რუსთავს სტუმრობდა, სადაც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კვირას კამპანიის აქციის გამართვას გეგმავს.

რუსთავში მიხეილ სააკაშვილმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. „ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველო ვაშენოთ შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში“, განაცახდა მან.

მოგვიანებით იმავე დღეს მან რუსთავში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა და ქვემო ქართლის  გუბერნატორის მოადგილე და რუსთავის ყოფილი მერი, მამუკა ჩიქოვანი მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა რუსთავის ერთმანდატიან ოლქში. მისი მეტოქე „ქართული ოცნებიდან“ კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button