
კალაძეს შესაძლოა 16.9 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისროს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თხოვნით მიმართა სასამართლოს ყოფილი ფეხბურთელის და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის 16 944 960 ლარით დაჯარიმების თაობაზე.
სასამართლოსთვის მიმართვამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კალაძეს მიმართა, რომ მას 9 აგვისტომდე დაებრუნებინა საკუთარ ანგარიშზე 3.33 მილიონი ლარი ნაღდი ფულით, რომელიც მან მიმდინარე წელს გაიტანა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ კალაძემ უარი განაცხადა გამოტანილი თანხის ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია წარედგინა.
საქმეზე სასამართლო მოსმენა დღესვე მოგვიანებით იგეგმება. დაახლოებით 16.9 მილიონამდე ჯარიმა, რომელიც იმ შემთხვევაში დაეკისრება კალაძეს, თუ სასამართლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასარგებლოდ გადაწყვეტს საქმეს, იმ თანხის ხუთმაგი ოდენობაა, რომელიც კალაძემ საკუთარი ანგარიშიდან გამოიტანა.
კალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე სრულიად უკანონოა და ის სამსახურის კომპეტენციას სცილდება.
ივლისის ბოლოს ხელისუფლებამ კალაძეს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშები დაუყადაღა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ასევე უთხრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დააბრუნოს 2012 წლის განმავლობაში პირადი ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით გატანილი იქნა 2 918 500 აშშ დოლარი, 735 189 ლარი და 700 ევრო.
„არ არსებობს კანონი და არ არსებობს კანონის ნორმა რომელიც დაავალდებულებს პირს ამის გაკეთებას… აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს შეასრულოს ეს უკანონო მოთხოვნა“, – განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ.
ხელისუფლება აცხადებს, რომ კალაძის და ივანიშვილის უარი დახარჯული თანხის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე ეჭვებს იწვევს იმის თაობაზე, რომ ფული უკანონო, პოლიტიკური საქმიანობის არაგაცხადებული დაფინანსებისთვის იქნა გამოყენებული.
ჯერჯერობით უცნობია მიმართავს, თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანალოგიურ ქმედებას ივანიშვილთან დაკავშირებით და მოსთხოვს თუ არა სასამართლოს ივანიშვილის დაჯარიმებას სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობით.
ივანიშვილის შემთხვევაში საკუთარი ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით გატანილი თანხის საერთო ოდენობა 5.5 მილიონ ლარზე მეტია და საქმის სასამართლოში აღძვრის შემთხვევაში ივანიშვილს შესაძლოა 55.2 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისროს.
ჯარიმის ამ ოდენობის დაანგარიშება კანონის შესაბამისი პუნქტის ფარგლებში ხდება, რომლის თანახმადაც ფინანსური ჯარიმა სადავო თანხის ხუთმაგ ოდენობას უნდა შეადგენდეს (რაც 27,607,645 ლარის შეადგენს), ხოლო თუ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერთი და იგივე პირი კანონს არღვევს, მაშინ თანხის ოდენობა უნდა გაორმაგდეს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში 27.6 მილიონი ლარი).
ივანიშვილი უკვე დაჯარიმდა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევის გამო; ივნისში მას 74.32 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა, რის გადახდაზეც ის თავდაპირველად უარს ამბობდა, რასაც საქართველოში მისი საბანკო აქტივების დაყადაღება მოყვა. ივლისში მან „უკანონოდ“ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე სრულად გადარიცხა 80 მლნ ლარი (დაკისრებული ჯარიმა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარი) და განაცხადა, რომ მან ეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გააკეთა.