ახალი ამბები

კარასინი თბილისს „კავკაზ 2012“–თან დაკავშირებული „ისტერიკის“ გამო აკრიტიკებს

საქართველოს ხელისუფლება „ისტერიკას“ თესავს რუსეთის მიერ სექტემბერში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებთან „კავკაზ 2012“ დაკავშირებით და მას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთის წინააღმდეგ „პროპაგანდის“ ფარგლებში იყენებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

„წინასაარჩევნო სიტუაციის გათვალისწინებით, იქ მწვავდება შიში რუსეთის მხრიდან საფრთხის თაობაზე. თითქმის ერთი წელია გრძელდება ისტერიკა რუსული არმიის დაგეგმილი წვრთნების „კავკაზ 2012“–ის თაობაზე“, – განაცადა კარასინმა „რია ნოვოსტი“–სთან ინტერვიუში, რომელიც 8 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„კეთდება განცხადებები რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელების და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების რაღაც გეგმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს თბილისის „პროპაგანდისტული ბოდვის“ ნაწილია.

„არაერთხელ გაკეთდა განმარტებებლი წვრთნების და ჩვენი ზრახვების თაობაზე როგორც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე რუსი სამხედროების და დიპლომატების მხრიდან. მზად ვართ მუდმივად ავუხსნათ ეს და დავამშვიდოთ ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი. მაგრამ თბილისის პროპაგანდისტული მანქანა სრული სიმძლავრით მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ორ თვეში კიდევ ბევრ ბრალდებას მოვისმენთ მოსკოვის მისამართით“, – განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ „ისტერიკა“, „ემოციური“ და „პროვოკაციული“ განცხადებები „სერიოზული პოლიტიკით“ შეიცვალოს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ, გენერალ–პოლკოვნიკმა ალექსანდრე პოსტნიკოვმა განაცხადა 7 აგვისტოს, რომ  სექტემბერში დაგეგმილი რუსული სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2012“ არ უქმნის „საფრთხეს სხვა ქვეყნებს და სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკებს“, ის მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება და რუსეთის გარეთ განთავსებული შენაერთები მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია დაგეგმილი წვრთნების გამო და შიშობს, რომ რუსეთი შესაძლოა შეეცადოს რეგიონში დაძაბულობა გაზარდოს და თავისი ძალები განათავსოს, რომელსაც შემდეგ საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა; რუსეთმა ფართომასშტაბიანი წვრთნები „კავკაზ 2008“ აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩაატარა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა ბოლო თვეების მანძილზე, რომ რუსეთმა წვრთნები განზრახ დაამთხვია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.

„არ არის შემთხვევითი, რომ [საქართველოში] არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენმა მეზობელმა დანიშნა დიდი სამხედრო სწავლებები სექტემბრის მეორე ნახევარში. ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის შემთხვევითი“, – განაცხადა სააკაშვილმა მარტში. „ყველა მცდელობა გაკეთდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის – ერთის მხრივ, ძალის გამოყენებით ქართველი ხალხის დაშინებით და მეორეს მხრივ, ასევე ამავე ქვეყნიდან შემოსული ფულის გამოყენებით ქართველი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა“.

„რია ნოვოსტი“–სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები სეპარატისტული აფხაზეთის გალის რაიონში შედიან და მიზანმიმართულად ატერორებენ მის მოსახლეობას.   

„საქართველო გალის რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს“, – განაცხადა კარასინმა. „ეს იმას ნიშნავს, რომ რევანშისტული სცენარები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისმიერი მეთოდები კვლავ ცოცხლობს თბილისში ყველაზე მოწადინებული პოლიტიკოსების თავებში. ეს გასათვალისწინებელია“.

მსგავსი/Related

Back to top button