ახალი ამბები

პოლიტიკური რეკლამის ფასები ტელევიზიებში

პოლიტიკური სატელევიზიო რეკლამის ტარიფები ორ ნაციონალურ ტელეარხზე, „რუსთავი 2“–სა და „იმედზე“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბევრად უფრო დაბალია წინა არჩევნებთან შედარებით.

ერთწუთიანი პოლიტიკური რეკლამა „რუსთავი 2“–ზე დილით საინფორმაციო გამოშვებაში მინიმალური 660 ლარი ღირს და მაქსიმუმ 6 250 ლარამდე იზრდება კომედიურ სერიალში „ალუბლების ქუჩა 12“; სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ რეკლამის ერთი წუთი 5 760 ლარი, ხოლო 9–საათიან „კურიერში“ 5 430 ლარი ღირს.

ტელეკომპანია ”იმედის” სარეკლამო ფასების პაკეტში ლიდერობს 8 საათზე „ქრონიკის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება, სადაც რეკლამის განთავსება ერთი წუთით 5 430 ლარი ღირს; შემდეგ მოდის კომედიური სერიალი „შუა ქალაქში“ 4 940 ლარით. ყველაზე იაფი რეკლამის ფასი „იმედზე“ 990 ლარს შეადგენს.

პოლიტიკური რეკლამის ტარიფების ჩამონათვალი, რომლებსაც ტელევიზიები ინტერნეტით აქვეყნებენ, 13 აგვისტოდან 19 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და შესაძლოა მომდევნო კვირების განმავლობაში ცვლილება განიცადოს. თუმცა ამჟამინდელი მოცემულობით „რუსთავი 2“–ზე და „იმედზე“ პრაიმტაიმში ერთწუთიანი რეკლამის ტარიფები დაახლოებით ცხრაჯერ ნაკლებია, ვიდრე ის 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იყო. ტარიფები ასევე უფრო დაბალია 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პერიოდთან შედარებით. 

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველ არხზე პოლიტიკური რეკლამის ტარიფები 3 500 ლარიდან 7 000 ლარამდე მერყეობს.

ტელეკომპანია „კავკასიის“ სარეკლამო ტარიფები  დილით 180 ლარს შეადგენს წუთში და მაქსიმუმ 720 ლარამდე იზრდება საღამოს თოქშოუებში „ბარიერი“, „ცხელი ხაზი“ და „სპექტრი“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ორი ტიპის სარეკლამო ტარიფები აქვს – 1 000 ლარი წუთში დილით და შუადღისას და 1 650 ლარი წუთში – საღამოს და ღამით.

ყველაზე დაბალი ტარიფები აქვს „მეცხრე არხს“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა. „მეცხრე არხი“ პოლიტიკურ პარტიებს წუთში 100 ლარიდან 390 ლარამდე სარეკლამო ფასს უწესებს.

საარჩევნო კოდექსი ავალდებულებს მაუწყებლებს, რომ თანაბარი ფასები დააწესოს პოლიტიკურ რეკლამებზე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.

ტელეკომპანიები ვალდებულები არიან უსასყიდლოდ გამოუყონ დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს ანუ პარტიებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე 4% ან ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 3% მაინც მიიღეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ვალდებულია მათი  წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით განათავსოს.

მეტი გამჭირვალობის და პოლიტიკური ფინანსების უფრო ეფექტური მონიტორინგის მოტივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიებს რეკლამის ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ის პარტიები ან საარჩევნო ბლოკები, რომლებიც არჩევნებზე 5%–იან ბარიერს გადალახავენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 1 მილიონ ლარს მიიღებენ თავიანთი კამპანიის ხარჯების დასაფარად;  ამ თანხიდან 300 000 ლარი რეკლამის ღირებულების დაფარვას უნდა მოხმარდეს.

ამასთან ერთად, საარჩევნო კოდექსში შევიდა ცალკე ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს ის 12 პარტია, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ სატელევიზიო რეკლამაზე 10.13 მილიონი ლარი დახარჯა (ამ თანხაში ასევე შედის რეკლამის დამზადების ხარჯიც).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button