
საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს
„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ცხრა თვის წინ შექმნილ საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუსს ანგარიშები დაუყადაღეს.
საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელიც ოქტომბერში ჩამოყალიბდა, განაცხადა 1 აგვისტოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება ყადაღა დაედოს ინსტუტუტის ანგარიშებს სს „პროგრეს ბანკში“.
მას შემდეგ, რაც ინსტიტუტმა სასამართლოს მიმართა ყადაღის მიზეზის დასადგენად, ორგანიზაციამ 31 ივლისს წერილი მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, რომელიც არ შეიცავს რაიმე განმარტებას, არამედ მასში ნათქვამია, რომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი არ არის უფლებამოსილი მიიღოს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე, ვინაიდან ის საქმის მხარეს არ წარმოადგენს; ეს იმასაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტს უფლება არ აქვს ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.
გარკვეულწილად მსგავსი სამართლებრივი სიტუაციაა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა კალაძის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით.
გასულ კვირაში კალაძის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, რაც კალაძის საბანკო ანგარიშებიდან 1 600 000 ლარამდე ნაღდი ფულის გატანას უკავშირდება. როდესაც კალაძის ადვოკატი შეეცადა სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაესაჩივრებინა, მან ეს ვერ შეძლო, ვინაიდან სასამართლომ განაცხადა, რომ ეს ბრალდება პირადად კალაძის წინააღმდეგ არ იყო წაყენებული და ის ბრალდებულიც არ არის; ამიტომ ის არ წარმოადგენს საქმის მხარეს და გასაჩივრებასაც ვერ შეძლებს.
საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა განაცხადა 1 აგვისტოს, რომ ის შეეცდება სამართლებრივი გზით დაიცვას თავისი ინტერესები, რაშიც მას დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს. ინსტიტუტმა ასევე განაცხადა, რომ მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღება ფაქტიურად ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების და მისი 22 თანამშრომლის ხელფასის გარეშე დარჩენის ტოლფასია.