
თურქეთის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი 18 ივლისს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ მის თურქ კოლეგას ისმეთ ილმაზს შეხვდა.
„პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები – განსაკუთრებით სამხედრო განათლების კუთხით და ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები განიხილეს“, – იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მოგვიანებით გაფართოებული შეხვედრის ფორმატშიც იმსჯელეს.
დიმიტრი შაშკინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ურთიერთობებში ახალ პერსპექტივებს გახსნის.
„თურქეთი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ის სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარება ჩვენი ჯარის განვითარებას როგორც სწავლების კუთხით, ასევე ჩვენი მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც ეხება ტოტალურ თავდაცვას“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)