skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ 17 კანდიდატი წარადგინა


ოპოზიციური კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ესაუბრება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ფარგლებში 12 ივლისს. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური 

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 12 ივლისს ქვეყნის მასშტაბით დამატებით 17 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა დეპუტატობის კანდიდატები და განაცხადა, რომ კოალიციაში არსებობს შეთანხმება, რომ დეპუტატობის კანდიდატებს შორის არანაკლებ 55% მისი პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს.  

მის მშობლიურ საჩხერეში „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე იყრის კენჭს; თერჯოლაში -ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძე, „ქართული აკადემიის“ წევრი; ვანში – ეკონომისტი, პროფესორი გოდერძი ტყეშელაშვილი; წყალტუბოში – პაატა ზაქარეიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და კონფლიქტოლოგი. იმერეთის რეგიონში კანდიდატების უმეტესობა ივანიშვილმა ივნისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ აქციაზე დაასახელა. ჭიათურისა და ხონის მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ჯერ–ჯერობით უცნობია.

სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან კოალიციამ ოთხ მაჟორიტარულ ოლქში დაასახელა კანდიდატები: ბორჯომი – იურისტი გედევან ფოფხაძე, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების წევრი, ბორჯომის ყოფილი გამგებელი; ახალციხე – ისტორიკოსი გურამ კუტალაძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის პროფესორი; ადიგენი – ბიძინა გუჯაბიძე კონსერვატიული პარტიიდან წინა მოწვევის პარლამენტის წევრი; ასპინძა – თემურ მაისურაძე, ეროვნული ფორუმის წევრი.  ნინოწმინდასა და ახალქალაქში, რომელსაც ივანიშვილმა კოალიციისთვის „ძალიან მძიმე რეგიონი“ უწოდა, კანდიდატები ჯერ კიდევ წარსადგენია და ისინი სომხური ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იქნებიან. 

დღესვე ცნობილი გახდა კახეთის რეგიონში პირველი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა სულ არსებული რვიდან ხუთ ოლქში. ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იყრის მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ და სახალხო კრების წევრია; ახმეტაში – ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ მაისიდან გაწევრიანდა; ყვარელში – ძიუდოისტი დავით ქევხიშვილი; სიღნაღში – ფინანსისტი და ბიზნესმენი გელა გელაშვილი, ხოლო დედოფლისწყაროში – იურისტი ალექსანდრე თამაზაშვილი.

დღესვე ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ კანდიდატების ვინაობა სამეგრელოს რეგიონის რვა ოლქიდან ორ მაჟორიტარულ ოლქში: ხობში კენჭს იყრის გიგა ბუკია კონსერვატიული პარტიის წევრი, ყოფილი პარლამენტარი; ხოლო ჩხოროწყუში – ლევან იზორია, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების წევრი, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი.

ონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მსახიობი თამაზ (გია) ჯაფარიძე დასახელდა, ხოლო მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე, წინა მოწვევის პარლამენტში ამავე ოლქიდან ყოფილი მაჟორიტარი.

კოალიცია შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას 15 ივლისს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქციაზე გეგმავს, ხოლო დედაქალაქში კანდიდატების წარდგენას მომავალ კვირას აპირებს.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო „სუფთა წარსული“ და „პროფესიონალიზმი“.

მან ასევე განაცხადა, რომ კოალიციის შიგნით შეთანხმებულია, რომ მისი პარტიის „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები არანაკლებ 55%–ს უნდა შეადგენდნენ, ხოლო ყველა დანარჩენი პარტია მეტ–ნაკლები პროპორციულობით უნდა იყოს წარმოდგენილი. 

„ქართულმა ოცნებამ“ ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით არსებული 73 მაჟორიტარული ოლქიდან 36–ში უკვე დაასახელა მაჟორიტარი კანდიდატები, რომელთა უმეტესობა ივანიშვილის პარტიიდან არის.

მმართველ პარტიას თავისი კანდიდატების წარდგენა ჯერ არ დაუწყია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button