skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: სიტუაცია გარდატეხილია

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 6 ივლისს განაცხადა, რომ „სიტუაცია რეალურად გარდატეხილია“ და ხელისუფლების მიმართ „შიში ხალხს გაუქრა“.

ივანიშვილმა აპრილში განაცხადა, რომ მისი კოალიციის კამპანიის გააქტიურების შედეგად ივნისის ბოლოს სიტუაციის გარდატეხა მოხდებოდა.

მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებთან შეხვედრაზე საუბრისას კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის იმ რეგიონებშიც, რომლებიც ხელისუფლების დასაყრდენს წარმოადგენენ. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი რეგიონი, სადაც ამ თვალსაზრისით კოალიცია სირთულეებს აწყდება, არის ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებული სამცხე–ჯავახეთი.

„ერთადერთი რეგიონია, სადაც რეალურად გვიჭირს და იქაც გარდავტეხავთ სიტუაციას, ეს გახლავთ ახალქალაქი, წალკა  – იქ, სადაც კომპაქტურად დასახლებული ჩვენი მეგობრები, სომხები არიან“, – განაცხადა ივანიშვილმა, „და ეს არ არის იმის ბაზაზე, რომ სააკაშვილი უყვართ და მოსწონთ. ‘სამჯერ გადაგვაგდოო’ და დედას აგინებენ, მაგრამ შეშინებულნი არიან იქ ძალიან, ძალიან გატეხილნი არიან და იქ გვიჭირს. ერთადერთი რეგიონია, სადაც ვერაფერს ვერ ვახერხებთ დღესდღეობით, მაგრამ მანდაც გვაქვს გეგმა და მოვახერხებთ და წამოვწევთ“.

ივანიშვილმა იქვე განაგრძო, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში „სიტუაცია კარგად ვითარდება ძალიან, ძალიან გამოფხიზლდნენ“.

მისი თქმით, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს „იგივე აგრესია აქვთ“ და „ისეთივე გაღიზიანებას გამოხატავენ ხელისუფლებისადმი, როგორც ეთნიკური ქართველები“.

„სიტუაცია არის ძალიან კარგი“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ახლა გონებით“ მოქმედებაა საჭირო და არა ემოციებით, რათა „მაქსიმალურად არაფერი არ შეგვეშალოს“.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „გამარჯვების შემდგომ ამოვიღოთ ეს ემოციები“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button