
ვან რომპოი თბილისში სააკაშვილს შეხვდა
საქართველო რაც მეტ რეფორმებს გაატარებს, მით მეტის გაკეთებას შეძლებს ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად და მხარდასაჭერად, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ 4 ივლისს საღამოს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ჰერმან ვან რომპოიმ 4 ივლისს თბილისში მოლაპარაკებები გამართა. იგი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სომხეთიდან ჩამოვიდა, ხოლო 5 ივლისს ბაქოში გაემგზავრა.
მისი თქმით, საქართველომ „შესანიშნავ პროგრესს მიაღწია მოდერნიზაციისა და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით“ და ის „მაგალითს წარმოადგენს ბევრისთვის რეგიონში და სხვაგანაც“.
ჰერმან ვან რომპოის თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები „გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ რეფორმების გზაზე მიაღწია.“
„მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, რომ მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ პოლიტიკურ კულტურას და კონკრეტულ საკითხებზე დაფუძნებულ დებატებს. სამართლიანი კონკურენცია და ნამდვილი მონაწილეობა არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მე ავღნიშნე ის პასუხისმგებლობა, რომელიც პრეზიდენტს და მის მთავრობას აკისრიათ, რათა არჩევნების ლეგიტიმურობა გარანტირებული იყოს. ამ მხრივ, მივესალმები პრეზიდენტ სააკაშვილის მიზანს, რომ საარჩევნო პროცესი გახსნილი იყოს დამკვირვებლებისთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ანალოგიური პოზიცია მან ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც დააფიქსირა, რომელთაც ასევე შეხვდა ვიზიტის ფარგლებში.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სურვილია ევროკავშირიც ჩაერთოს საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპის მონიტორინგში.
„ჩვენი საარჩევნო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, გახსნილი, თავისუფალი და სუფთა ყველანაირი მანიპულაციებისგან – მოსყიდვისგან, ფულისგან, მით უმეტეს, უცხოეთიდან შემოსული ფულის გავლენისგან, რათა ქართველმა ერმა გამოხატოს თავისუფალი ნება და შევძლოთ შემდგომი მხარდაჭერის მიღება ევროპისგან; ასევე ჩვენი შემდგომი ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ჰერმან ვან რომპოიმ განაცხადა, რომ საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა“ და აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა „სწრაფად ვითარდება“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი განცხადებისთვის, რომელიც მან 4 ივნისს სანკტ–პეტერბურგში ევროკავშირი–რუსეთის სამიტის შემდეგ გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდა რუსეთს „სრულად შეასრულოს“ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.
This post is also available in: English Русский