ახალი ამბები

თბილისი ‘ნეიტრალური დოკუმენტების’ მფლობელებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებას სთავაზობს

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა 19 ივნისს, რომ ის დააფინანსებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირთა სწავლას საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ვისაც, ამ რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვს მინიჭებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრანტები საქართველოს მთავრობის ინიციატივით მოქმედი სხვადასხვა სასწავლო პროგრამების ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 5 ივნისს საქართველოში ვიზიტის დროს, რომ აშშ საქართველოს სტატუს ნეიტრალური დოკუმენტებს აღიარებს, რათა სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა შეძლონ.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ განაცხადა 7 ივნისს, რომ საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები და პირადობის მოწმობები „ხაფანგია“, რომლის საშუალებითაც თბილისი აფხაზების მის წიაღში შეტყუებას ცდილობს.

„ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და ვიმედოვნებთ, რომ მათ ესმით, რამდენად სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების შემოთავაზება ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც სისხლისმღვრელი ომი და მკაცრი ბლოკადა გამოიარეს, და რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს, არასდროს აიღებენ ამ დოკუმენტებს“, – განაცხადა ხინთბამ.

19 ივნისს აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი სოხუმში ჩეხეთის ელჩს საქართველოში ივან ჟესტრაბს შეხვდა. ანქვაბმა ჩეხ დიპლომატს, "აფსინიპრესის" თანახმად, განუცხადა, რომ სოხუმსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები „გარკვეულ სტაგნაციას განიცდის“. მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ „ჩვენ არასდროს დავბრუნდებით საქართველოში“.

ასევე 19 ივნისს ჩეხეთის ელჩი სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრს ლეონიდ ლაკერბაიას შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩეხმა დიპლომატმა „დიდი მოცულობის ინფორმაცია მიიღო აფხაზეთში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ“.

„ჩეხეთი გახდა მეორე ქვეყანა იაპონიის შემდეგ, რომელმაც ე.წ. ქართული ნეიტრალური პასპორტები აღიარა. და რა თქმა უნდა, მე ვუთხარი, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ აფხაზეთში ჩამოსულიყო [ჩეხეთის ელჩი], სანამ ასეთ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული“, – განაცხადა ლაკერბაიამ.

 

Back to top button