ახალი ამბები

ჯონ ბასი საქართველო–ირანის ურთიერთობებზე

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ თბილისსა და თეირანს შორის არსებული ურთიერთობები არის აშშ–სა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის განსახილველი საკითხი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ის მოცემულობა, რომ ირანი და საქართველო ერთ სამეზობლოს წარმოადგენენ.

13 ივნისს ვაშინგტონში „ატლანტიკურ საბჭოში“ გამოსვლისას ჯონ ბასმა განაცხადა, რომ კარგია, როცა თბილისი ირანელებს უვიზო რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რათა ესტუმრონ საქართველოს და ნახონ, რა ხდება „მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოში“; თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონს არ სურს, რომ თუნდაც უნებლიედ, საქართველო გახდეს ის ადგილი, სადაც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ირანული კომპანიები ამ სანქციებისთვის თავის არიდებას შეძლებენ.

„ეს, რა თქმა უნდა, ორ [აშშ–ს და საქართველოს] მთავრობას შორის არსებული განხილვების თემაა სხვადასხვა დონეებზე“, – განაცხადა ბასმა, როდესაც მას ქართულ–ირანული ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს.

„მე ვიტყოდი, რომ ეს ხდება იმ გაგების კონტექსტში, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, ირანი მეზობელია და საჭიროა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არსებობდეს, როგორც ეს ნებისმიერ სამეზობლოში ხდება, და იმ სახით, როგორც საქართველო სთავაზობს ირანელებს შესაძლებლობას, რომ გამოვიდნენ ირანიდან და ნახონ, რა ხდება სამეზობლოში და ნახონ, რა ხდება მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს კარგია“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

„მაგრამ, ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არიან ირანელები დახელოვნებულები სანქციების არიდებისთვის საჭირო საშუალებების გამონახვაში და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვჯერა, რომ არსებული ეფექტური სანქციები არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, თუ რატომაც დაბრუნდა ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ბუნებრივია, რომ ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ ისეთი ვითარება, რომელშიც საქართველო, თუნდაც უნებლიეთ, გახდება ადგილი, სადაც ირანული კომპანიები ან ირანელები, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, შეძლებენ ამ სანქციებისთვის თავის არიდებას“, – დასძინა მან.

Back to top button