ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 12 ივნისს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი „ძალიან სწრაფად“ უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე. 

12 ივნისს თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ივანიშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელში ადგილობრივებს შეხვდა; იგი რამდენიმე ოჯახსაც ესტუმრა.

როდესაც ივანიშვილის მასპინძელმა დაიჩივლა, რომ მისი ოჯახი ვერ ყიდის ციტრუსებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის თავისი ბაზარი დახურა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა უპასუხა: „რუსეთის ბაზარს ძალიან სწრაფად გავხსნით; მაგის პრობლემა არ არის“.         

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს თავადაც შეეძლო რუსეთში ექსპორტის აღდგენის უზრუნველყოფა, თუმცა მას ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნდა. ივანიშვილმა უთხრა თავის მასპინძელს, რომ როდესაც რამდენიმე წლის წინ მან შესთავაზა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორში 1 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებდა, პრეზიდენტმა უარი თქვა, რადგანაც „მას უნდა წელში გატეხილი კაცი, დამონებული, დაბეჩავებული“, რათა ადვილად შეძლოს მათი მანიპულირება საარჩევნო მიზნებისთვის, მათთვის მწირი დახმარებების და საწვავის ვაუჩერების დარიგებით.

ბიძინა ივანიშვილი 12 ივნისს ხობში კოალიციის აქტივისტებსაც შეხვდა. მას ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანიაც ახლდა, რომელიც კოალიციის საქმიანობას კურირებს სამეგრელოს რეგიონში.

Back to top button