ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

ირლანდიის ვიცე–პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეიმონ გილმორი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეა, 12 ივნისს საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ესტუმრა.

საქართველოში ვიზიტის დაწყებამდე, ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა Civil.ge–სთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიცემულ ინტერვიუში, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საკითხიც შევა. თბილისში ჩამოსვლამდე მან 11–12 ივნისს სომხეთში გამართა მოლაპარაკებები, 13–14 ივნისს კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ინტერვიუ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან:

ეუთომ საქართველოში მისია 2009 წლის ივნისში მას შემდეგ დახურა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მანდატის გაგრძელებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მას შემდეგ იყო მცდელობები (მათ შორის საბერძნეთის თავმჯდომარეობის წინადადებებში), რომ აღდგენილიყო მისია საქართველოში, თუმცა ყველა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამჟამად თუ მიმდინარეობს რაიმე მცდელობები საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის თაობაზე, თუ ამგვარი მცდელობები აღარ ხორციელდება და საკითხი საერთოდ არც განიხილება? თუკი მიმდინარეობს რაიმე მცდელობები ამ მიმართულებით, შეგიძლიათ ეს საკითხი განავრცოთ?

ჩვენ ვსწავლობთ გზებს, რათა ეუთოს მისია ადგილზე გვყავდეს. რა თქმა უნდა, ეს ერთ–ერთი ის საკითხია, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან განვიხილავ; ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას რამდენიმე მონაწილე მხარესთან აქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ვარიანტებსა და შესაძლებლობებზე. თუმცა, ამ ეტაპზე არაფერი მაქვს სათქმელი.

ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა. არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს, თუ პრიორიტეტს მხოლოდ ამ მოლაპარაკებების წარმოება წარმოადგენს და თქვენ რაიმე კონკრეტული მიზანი არ გაგაჩნიათ?

ჟენევის დისკუსიების მე–20 რაუნდი წინა პარასკევს გაიმართა. ჩემი აზრით, ჟენევის დისკუსიები სანდო პროცესად რჩება და ყველა დაინტერესებული მხარის სრული ჩართულობა დაძაბულობის შემცირებას უწყობს ხელს. ერთადერთ გზას დიალოგი წარმოადგენს და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის მიზანს იმის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომ ჩვენ განვაგრძოთ პროგრესი ამ ფორმატში.    

გასული წლების მანძილზე ჩვენ გარკვეულ წინსვლას მივაღწიეთ, განსაკუთრებით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა ადგილზე არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ამ მექანიზმის საშუალებით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცხელი ხაზი, რაც  ინფორმაციის სწრაფ გაცვლას უწყობს ხელს. თავად შეხვედრებიც მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ადგილზე მომხდარი ინციდენტების განსახილველად, რასაც უკვე მოყვა შედეგად დაკავებულთა გაცვლის რამდენიმე შემთხვევა. ამასთან ერთად, ეუთომ რამდენიმე მნიშვნელოვან პრაქტიკულ შედეგს მიაღწია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის მისი ხელშეწყობით მიმდინარე მაგალითად ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორიცაა წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

ოქტომბერში საქართველო საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს. საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და სამოქალაქო საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უნდა იყოს წარმოდგენილი და რაც უფრო მალე ჩამოვლენ დამკვირვებლები, მით უკეთესი.  OSCE/ODIHR–ის მისიის მასშტაბს საჭიროებათა შეფასების მისია განსაზღვრავს [რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება], მაგრამ შეგიძლიათ სავარაუდო ვადები დაასახელოთ, თუ როდის იქნება შესაძლებელი  OSCE/ODIHR–ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განთავსება საქართველოში?

მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მიერ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის დროულ მოწვევას არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ეს საკმარის დროს მისცემს ექსპერტებს, რომ სიტუაცია შეაფასონ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საჭიროებათა შეფასება ამჟამად მიმდინარეობს. სწორედ მისიაზეა დამოკიდებული, როგორც რეკომენდაციას მისცემს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფორმატთან და ხანგრძლობასთან დაკავშირებით. მე ვერ ვიტყვი ექსპერტების ნაცვლად.

თქვენ საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრებით. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ბოლოდროინდელ შეტაკებებში, რასაც ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს არის გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი განახლდეს?

– მე კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ ადამიანურ დანაკარგს და ვიმეორებ, რომ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩემი ვიზიტის დროს, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს და ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მუქარისგან ძალის გამოყენების თაობაზე, და ასევე თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან.

კონფლიქტი ვერ მოგვარდება ძალის გამოყენებით. მე სრულად ვუჭერ მხარს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას, რომ იმუშავონ ყველა მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის გაძლიერებაზე და მოლაპარაკებების გზით მოგვარებაზე.

ჩვენ ნდობის დამყარება გვჭირდება. ამისათვის კი რეალური ნება და მზადყოფნა გვჭირდება ყველა ჩართული მონაწილეს მხრიდან.  ეუთო იმისთვის დაფუძნდა, რომ დაეხმაროს ქვეყნებს და ხალხებს შორის არსებული უთანხმოებების გადალახვას. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ დიალოგის ფორუმი და დავეხმაროთ მხარეებს იმუშაონ გრძელვადიანი მშვიდობისთვის, თუმცა ჩვენ მოგვარებას ვერ მოვახვევთ მათ თავს.

საომარი მოქმედებების ნებისმიერი ესკალაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, და ბოლოდროინდელი ინციდენტები შეშფოთებას იწვევს. თუმცა, მჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და გადამწყვეტი გზავნილი, რომ ძალის გამოყენებით კონფლიქტი ვერ მოგვარდება, ეხმარება დაძაბულობის შემცირებას.

მსგავსი/Related

Back to top button