
ივანიშვილთან დაკავშირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
საარჩევნო კოდექსში აისახება ის ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც პარლამენტმა 8 მაისს ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მიიღო.
შესაბამისი ცვლილებების პროექტი მმართველი პარტიის დეპუტატებმა პავლე კუბლაშვილმა და აკაკი მინაშვილმა მოამზადეს და მისი პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 12 ივნისს იგეგმება.
მმართველი პარტიის თქმით, ივანიშვილს არანაირი საკანონმდებლო დაბრკოლება არ შეექმნება და საბოლოოდ, მისი გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას. ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს იმ „აბსურდული“ ცვლილებებით ისარგებლოს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, რომ საქართველოს მოქალაქეობის გარეშე მიიღოს მონაწილეობა ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც საქართველოში დაბადებულმა ევროკავშირის მოქალაქემ, რომელიც უკანასკნელი 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.
მოქალაქეებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საარჩევნო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, მიეცემათ შესაძლებლობა 2014 წლამდე ყველა იმ უფლებით და მოვალეობით ისარგებლონ, რაც საარჩევნო კოდექსით და პარტიების შესახებ კანონით არის გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, მათ შორისაა აგიტაციის გაწევის, პარტიის დაფუძნების და დაფინანსების უფლებები.
ამ კატეგორიის პირების მიერ გამოყენებული იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი, პროექტის თანახმად, და მათ ექნებათ, როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო უფლება. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია ვალდებული იქნება ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროკავშირის მოქალაქისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, დაარეგისტრიროს ამომრჩევლებად პირველ საარჩევნო ოლქში –მთაწმინდის ოლქში, რომელზეც ტრადიციულად იყვნენ მიბმულები საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ აძლევდნენ ხმას.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კონსტიტუციის იმ ახალი დებულების საარჩევნო კოდექსში ასახვას, რომელიც სადეპუტატო ასაკის 25–დან 21 წლამდე დაწევას უკავშირდება.
ცვლილებები ასევე შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობას. პროექტის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებულ საერთაშორისო ორგანიზაციას უფლება ექნება ერთ საარჩევნო უბანში ერთდროულად წარმოდგენილი იყოს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლით.
ამასთან ერთად, კოდექსის პროექტში წარმოდგენილია ახალი პრინციპები, რომლებსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ. ესენია: "საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა; საარჩევნო პროცესის ხელშეშლისგან თავის შეკავება; პოლიტიკური მიუკერძოებლობა; საარჩევნო პროცესის მონაწილეთაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭირვალეობა; ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა; და საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების ძირითადი პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა".
კანონმდებლობით, საარჩევნო კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება უარი უთხრას დამკვირვებელ ორგანიზაციას რეგისტრაციაში გატარებაზე, თუ ის ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
მთავრობა აცხადებს, რომ მისი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა საერთაშორისო დამკვირვებელმა გაუწიოს მონიტორინგი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
5 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ საქართველოში გამოაგზავნის „არა ყალბ დამკვირვებლებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან ვითომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, არამედ ნამდვილ დამკვირვებლებს“.