
სოხუმის თქმით, ტერმინი ‘ოკუპირებული’ აფხაზურ საზოგადოებას შეურაცხყოფს
სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ აფხაზეთთან მიმართებაში ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიის“ გამოყენება აფახაზურ საზოგადოებას „შეურაცხყოფს“.
„აბსოლუტურად მიუღებლად და არამართლზომიერად მიგვაჩნია ქალბატონი სახელმწიფო მდივნის მიერ ტერმინის „ოკუპაცია“ გამოყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნასთან დაკავშირებით. „რუსული ოკუპაციის“ შესახებ პროპაგანდისტული და მცდარი თეზისის გამოყენება შეურაცხყოფს აფხაზეთის საზოგადოებას, და აშშ–ის იმიჯს ლახავს აფხაზურ საზოგადოებაში“, – ნათქვამია სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყების მიერ 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„გამოვცადეთ რა მრავალჯერადი აგრესიული ქმედებები საქართველოს მხრიდან, ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით მშვიდობის და უსაფრთხოების ფასი. რუსეთის ფედერაციის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიები – ეს აფხაზეთის ხალხის შეგნებული არჩევანი და ჩვენი სახელმწიფოების ორმხრივი შეთანხმების შედეგია. ამიტომ, თეზისი „რუსული ოკუპაციის“ შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო აღვივებს თბილისის ხელმძღვანელობის რევანშისტულ განწყობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმავე განცხადებაში სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ კვლავ გააკრიტიკა აშშ–ის გადაწყვეტილება საქართველოს სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღიარების თაობაზე. მისი თქმით, ამ ნაბიჯით აშშ „რისკავს ჩაიდინოს აფხაზეთის მოქალაქეების „კოლექტიური დასჯის“ აქტი, რადგან ხელს უწყობს აფხაზური საზოგადოების იზოლაციისკენ მიმართულ თბილისის ხელისუფლების პოლიტიკას".
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა შარშან, რომ ვაშინგტონის მიერ ტერმინის "ოკუპირებული“ გამოყენება სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არ ნიშნავს "პროვოკაციას" და ეს მხოლოდ ადგილზე არსებული ვითარების შეფასებაა. ”ჩვენ არ ვიცით, სხვა რა ვუწოდოთ ამას", – განაცხადა მან 2011 წლის მარტში.