
სააკაშვილი: ‘აშშ–ს არასდროს დაუძალებია ჩვენთვის კოსოვოს აღიარება’
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ავტონომია“ აქვს საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, „ძირითადად თანხვედრა გვაქვს“, არსებობს განსახვავებული პოზიციებიც, მათ შორის კოსოვოზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ივნისს და დასძინა, რომ ამერიკას არასდროს „დაუძალებია“ საქართველოსთვის კოსოვოს აღიარება.
მას ეს განცხადება წარჩინებულ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლის დროსაც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტზე და რუსეთი და შეერთებული შტატები ერთმანეთს შეადარა. მისი თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამერიკა და რუსეთი ერთია საქართველოსთვის, მცდარია.
„ამერიკა ამბობს, რომ არმია უნდა შევქმნათ, ‘თქვენი ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს’ … რომ საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება უნდა იყოს და ქვეყანა უნდა განვითარდეს – იმას, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჩვენ გვაქვს ავტონომია … და არასდროს არ გვიწერს [აშშ], თუ რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მან.
„ამერიკამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საქართველომ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა და არასოდეს [აშშ] არ მოგვწოლია რომ გინდა თუ არა გააკეთეთ [აღიარეთ კოსოვო]. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით და ასევე, ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შენი თავისუფლება და შენი პოლიტიკა გქონდეს და გადაწყვეტილებები თავად მიიღო. ყველაზე მთვარი კი ის არის, რომ მას სურს წარმატებული და განვითარებული იყო“, – განაცხადა მან.