
სააკაშვილი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ
- სააკაშვილი: საქართველო რეალურ შედეგებს იღებს;
- სახელმწიფო დეპარტამენტი: კლინტონს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა;
- კლინტონი: კვლავ გაგრძელდება სიტყვიერ დონეზე დაპირისპირება;
- კლინტონი: “იმედი მაქვს, რომ არავინ მოახდენს რამის პროვოცირებას“.
ვარკეთილში მოსახლეობასთან 6 ივნისს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტს და განაცხადა, რომ საქართველომ უფრო მეტი მიიღო ამ ვიზიტისგან, ვიდრე მხოლოდ კეთილი სიტყვები.
მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ვიზიტმა ხაზი გაუსვა „რამხელა მნიშვნელობისაა ჩვენი პატარა ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის“ და „რაც არ უნდა პრობლემები იყოს მსოფლიოში, საქართველო მაინც რჩება ყურადღების ცენტრში ყველაზე გავლენიანი ძალების“.
„მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩამოსვლა და თქმა, რომ ‘კარგი ბიჭები ხართ’. და მე დიდი ხანია ამისკენ არ მივისწრაფვი და ამას არ ვთხოვ უცხოელ ლიდერებს. დასაწყისში მოგვწონდა ხოლმე, როცა გვეტყოდნენ ‘კარგები ხართ’. ახლაც აგრძელებენ ამის თქმას, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი აღარ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეალური შედეგების მიღება და ამას აღწევს კიდეც.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „გამოაცხადა პირველად, მრავალწლიანი ყოყმანის შემდეგ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს თავდაცვის სფეროში საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებას და ჩვენ დაგვეხმარება ჰაერის, ხმელეთის და ზღვის გადაფარვაში; აღჭურვავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ვერტმფრენებით“.
„ამერიკა ამას ძალიან იშვიათად აკეთებს… ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ უსაფრთხოებაში გაჩნდა დამატებითი, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და ეს არის გრძელვადიანი გარანტია ჩვენი განვითარების“, – განაცხადა სააკაშვილმა.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 5 ივნისს, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს, რათა „უკეთესად გააკონტროლოს თავისი სანაპიროები და ცა“; გაააუმჯობესებს საქართველოს მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს და დაეხმარება საქართველოს უზრუნველყოს „21–ე საუკუნის წვრთნები თავისი ოფიცრებისთვის, რაც მათ დღევანდელი ცვალებადი მისიებისთვის სჭირდებათ“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები „ოკუპირებულ“ ტერიტორიებად მოიხსენია და ვაშინგტონი სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტებსაც აღიარებს, რაც, მისი თქმით, საშუალებას მისცემს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს „საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით“ იმოგზაურონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი უფლებების დასაკანონებლად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, – განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ აშშ–ის მხარდაჭერა და ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადებები თბილისის "რევანშისტულ მისწრაფებებს წაახალისებს"; რუსეთის საგარეო უწყებამ აგვისტოს ომამდე არსებულ სიტუაციასთან გაავლო პარალელები და განაცხადა, რომ მას „დეჟავიუს განცდა“ აქვს.
როდესაც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს მარკ ტონერს კლინტონის განცხადებებზე რუსეთის რეაქციის შესახებ ჰკითხეს და იმაზე, იყო თუ არა სახიფათო ვითარება საომარი მოქმედებების განახლების რიკსთან დაკავშირებით, მან უპასუხა: „არ მინდა ამ საკითხის ზედმეტი აჟიტირება, რომ თითქოს სიტუაცია სახიფათო ხდება“.
„სახელმწიფო მდივანს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა“, – განაგრძო მან, „ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი მთავარი ვალდებულებები ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს მთავრობის და მისი სუვერენიტეტის მიმართ. არავისთვის სიურპრიზი არ არის, რომ ეს ჩვენსა და რუსეთს შორის მთავარი უთანხმოების საკითხია. ეს ასეა გარკვეული დროის მანძილზე და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც გადატვირთვის შესახებ ვსაუბრობთ – რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია კონსტრუქტიული თანამშრომლობა, სადაც შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა, მაგრამ არსებობს ისეთი სფეროები, ან წითელი ხაზები, და ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა ადრე – როგორიცაა საქართველო. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პოზიციიდან უკან დახევას“.
6 ივნისს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, რომელიც აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ბათუმიდან გამგზავრებამდე ჩაიწერა, ჰილარი კლინტონს რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების თაობაზე საქართველოს წუხილების და იმის შესახებ ჰკითხეს, არსებობდა თუ არა რაიმე საერთაშორისო გარანტიები, რომ ეს არ მოხდებოდა. კლინტონმა უპასუხა: „შეუძლებელია ვინმეს მყარი გარანტიები მისცე“; მან იქვე დასძინა, რომ პროგრესმა, რომელსაც საქართველომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მიაღწია, „მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო“ და საერთაშორისო მასშტაბითაა ცნობილი საქართველოს და მისი მისწრაფებების შესახებ, „რაც, მე ვფიქრობ, ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ქართველები იმსახურებენ თავად დასახონ საკუთარი მომავალი“.
„ვინაიდან ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას და არ ვაღიარებთ სეპარატისტულ რეგიონებს – სხვებიც ნაკლებად აკეთებენ ამას – მე ვფიქრობ, სხვა საკითხები არსებობს, რაზეც ყველა ჩვენგანმა უნდა მოახდინოს კონცენტრირება. ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ევროკავშირი, ჩვენ ბევრი საკითხები გვაქვს, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ ეკონომიკური, უსაფრთხოების თვალსაზრისით. გვაქვს ეს საშინელი პრობლემა სირიაში“, – განაცხადა კლინტონმა.
მისი თქმით, კვლავაც გაგრძელდება სიტყვიერ დონეზე დაპირისპირება, "მაგრამ იმედი მაქვს, რომ არავინ მოახდენს რამის პროვოცირებას, სეპარატისტული რეგიონები არ მოახდენენ რამის პროვოცირებას, რომ ყველა განაგრძობს მუშაობას, რათა გააუმჯობესონ საქართველო. ვიმედოვნებ ამას".
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა 6 ივნისს, რომ აშშ–ის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობის შესწავლის დაწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგია, რომელსაც, საბოლოო ჯამში, უცხოური ინვესტიციების ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა მოყვება.