ახალი ამბები

კონტროლის პალატამ ივანიშვილი სამართალდამრღვევად ცნო

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, როგორც „გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი“, სამართალდარღვევის სუბიექტად ცნო მასთან დაკავშირებული სამი კომპანიის მომსახურების „კანონსაწინააღმდეგო“ გამოყენების გამო და მასალები სასამართლოს გაუგზავნა დასამტკიცებლად.

კონტროლის პალატის მიერ 7 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმე ეხება ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების “ბურჯის” და “ელიტა ბურჯის” მიერ „ქართული ოცნებისთვის“ „239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების“ გაწევის და “გლობალ TV”-ის მიერ „ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების“ ფაქტებს.

„მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური, ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას“, – აცხადებს კონტროლის პალატა.

„საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა კონტროლის პალატა განცხადებაში არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა სანქცია შეიძლება დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მიხედვით, რომელიც სასამართლოს განსახილველად გაეგზავნა. ეს ოქმები, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, საჭიროებს სასამართლოს დადასტურებას 48 საათის განმავლობაში.

31 მაისს, როცა კონტროლის პალატამ პირველად განაცხადა, რომ მან მონიტორინგი დაიწყო კომპანიების “ბურჯის” და “ელიტა ბურჯის” მიმართ, საუბარი იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 4 მლნ ლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, რაც ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის –20 მლნ ლარის დაკისრების შესაძლებლობას ქმნიდა.

ამ დრომდე მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაეკისრათ, 11.38 მილიონი ლარი შეადგინა.

Back to top button