
უგულავა: თბილისი უფასო უსადენო ინტერნეტით დაიფარება
თბილისის მერია მუნიციპალური უსადენო ქსელის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე მთელი ქალაქი უფასო უსადენო ინტერნეტით დაიფარება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 2012 წლის ბოლომდე დედაქალაქი ინტერნეტის ქალაქი გახდება, რომლის 100%–იც უსადენო ინტერნეტით დაიფარება.
ამჟამად უფასო-უსადენო ინტერნეტით სარგებლობა განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, აბანოთუბანში, თავისუფლების მოედანზე, გლდანსა და ვარკეთილშია შესაძლებელი.
„მე ვიცი, ბევრი ადამიანია, რომელიც იტყვის, რომ ‘რა დროს ინტერნეტია, ხვალ ბავშვს რა ვაჭამო არ ვიცი’ და ეს ნამდვილად ლეგიტიმური პრეტენზია იქნება… თუ ჩვენ გრძელვადიამ ამოცანებზე არ ვიქნებით ორიენტირებული, მენდეთ, სიღარიბიდან ადამიანები ამოყავს მხოლოდ და მხოლოდ განათლებას“, – განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.
„როცა ვლაპარაკობთ სიტყვის თავისუფლებაზე, აქაც მთავარია, რომ ჩვენ საზოგადოებას მივცეთ შეუზღუდავი წვდომა ინფორმაციაზე“, – დასძინა მან.