
თავდაცვის მინისტრი აშშ–ის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს აშშ–ის მაღალი რანგის დელეგაციას შეხვდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში 5 ივნისს დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ და თავდაცვის სფეროში „გაფართოებული თანამშრომლობის“ საკითხები განიხილა.
ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობენ ჯოზეფ მაკმილანი, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე და ბეტ მაკკორმიკი, აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე თავდაცვის სფეროში ვაჭრობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკელი დიპლომატები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის ფარგლებში, რომელსაც 5 ივნისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გახსნის ბათუმში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.
„საუბრის ძირითადი თემა იყო ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი ხვალინდელი სხდომის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებები და ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რაც ეხება თავისთავად საქართველოს უსაფრთხოების გარემოს განვითარებას, გაძლიერებას და ამ მიმართულებით გეგმების დალაგებას ჩვენს მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ შეხვედრის შემდეგ.