
Freedom House მოუწოდებს კლინტონს კავკასიაში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებათა საკითხი წამოწიოს
Freedom House მოუწოდებს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს 4–6 ივნისს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტის დროს „კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით არსებული ნაკლოვანებები მთავარ თემად აქციოს პირად შეხვედრებსა და საჯარო განცხადებებში“.
„დემოკრატიულად ანგარიშვალდებული სისტემების წახალისება და მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა Freedom House–ის პრეზიდენტმა დევიდ კრამერმა, „მართალია ჩვენ გვესმის, რომ არსებობს რიგი პოლიტიკური ინტერესებისა, რაც განსახილველია ვიზიტის დროს, მაგრამ Freedom House მოუწოდებს, რომ განსაკუთრებულად გამახვილდეს ყურადღება ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიასთან დაკავშირებულ წუხილებზე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანსა და სომხეთში“.
აზერბაიჯანის შემთხვევაში, Freedom House მოუწოდებს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს პოლიტიკური აქტივისტების დევნისა და მათი დაპატიმრების, ასევე ანტისახელისუფლებო აქციების დაშლის დროს ძალის გამოყენების და პრესის თავისუფლების საკითხები დააყენოს. სომხეთთან დაკავშირებით, Freedom House–მა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეფორმები შეფერხდა „პოლიტიკასა და ბიზნესს შორის ღრმა ურთიერთობის გამო, რაც ზღუდავს ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის გაუმჯობესებას“.
საქართველოსთან დაკავშირებით, Freedom House–მა განაცხადა: „საქართველო უზრუნველყოფს ზოგიერთ, თუმცა არა ყველა ინსტიტუციურ გარანტიას და უფრო მეტი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების იმედსაც იძლევა, თუ სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული. საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოცდა იქნება უფრო ეფექტური და მომწიფებული პოლიტიკური პლატფორმების გასავითარებლად“.
საქართველოს მაჩვენებლები Freedom House–ის ყოველწლიურ ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში 2012 წელს“ უცვლელი დარჩა და ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიას არის მიკუთვნებული. მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ბოლო კვლევაში საქართველოს რეიტინგი ზედიზედ მესამე წელია გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში რჩება.
საქართველოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვლიდან კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყეს, ასევე მოუწოდეს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დააყენოს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს ბათუმში. იგი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, ხოლო 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება.