ახალი ამბები

შსს: ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქების მცდელობის უკან ‘უცხოური კვალი იკვეთება’

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 1 ივნისს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, რომ სამინისტრო აგრძელებს 13 თებერვალს მომხდარი აფეთქების მცდელობის ფაქტის გამოძიებას, რომლის სამიზნეც თბილისში ისრაელის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომელი იყო.

„მცდელობის უკან აშკარად იკვეთება უცხოური კვალი“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში, რომელშიც დეტალები არ არის დაკონკრეტებული.

იმავე დღეს, როდესაც თბილისში ისრაელის საელჩოს მძღოლმა თავის Hyundai Getz–ში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა, ნიუ დელიში ისრაელის საელჩოს მანქანაზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც ისრაელის დიპლომატის მეუღლე და კიდევ სულ ცოტა სამი ადამიანი დაშავდა 13 თებერვალს.

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი დაადანაშაულა ნიუ დელიში მომხდარ აფეთქებაში და თბილისში აფეთქების მცდელობაში.

ირანმა უარყო ბრალდებები და მას თეირანის წინააღმდეგ ისრაელის „ფსიქოლოგიური ომის“ ნაწილი უწოდა. თეირანის თქმით, ისრაელმა თავად მოაწყო ინციდენტები, რათა ირანის "მეგობრული ურთიერთობები" გაეფუჭებინა ინდოეთთან და საქართველოსთან. 

Back to top button