
სააკაშვილი სტამბულში თურქეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა
პრეზიდენტი სააკაშვილი 31 მაისს სტამბულში თურქეთის პრემიერ–მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმის ფარგლებში.
სააკაშვილმა და ერდოღანმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და სხვადასხვა სტრატეგიული და ეკონიმიკური პროექტების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და „რეგიონში სტაბილურობისა და უსასფრთხოების საკითხები განიხილეს“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და დასძინა, რომ „თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოში მინდინარე პროცესებისადმი და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე ქვეყანას წარმატება უსურვა“.
სტამბულში 31 მაისს გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა რეგიონში თურქეთის როლზე გაამახვილა ყურადღება და მიესალმა მას, როგორც „მთავარ რეგიონალურ ლიდერს მშვიდობისთვის ბრძოლის საქმეში“.
„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მთელს ახლო აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთის უფრო ფართო რეგიონში თურქეთი მთავარი რეგიონალური ლიდერი, ძირითადი რეგიონალური ლიდერი ხდება მშვიდობისთვის ბრძოლის საქმეში და ასევე მოვლენების განსხვავებულად დანახვის, რეგიონისთვის ახალი მიმართულების უზრუნველყოფის საქმეში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, რატომ ხდება ეს. არის თურქეთი რეგიონის უძლიერესი სამხედრო ძალა? ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა, თუმცა რეგიონში სხვა ძალებიც არიან, რომლებიც უფრო მეტად აქტიურობენ, ვიდრე თურქეთი. არის თურქეთი მთავარი ეკონომიკური ძალა? ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გასაოცარი სახელმწიფოა, მაგრამ იქ ასევე არის წარმოდგენილი ბევრი სხვა ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც თურქეთს გააჩნია გარდა იმისა, რომ ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური ძალაა, არის გასაოცარი იდეები და გასაოცარი მოდელი მთელი რეგიონისთვის“, – დასძინა სააკაშვილმა.