
სენატორი დურბინი საქართველოს სტუმრობს
ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი, მეორე უმაღლესი რანგის დემოკრატი სენატორი, საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს, 30 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
31 მაისს სენატორი დურბინი თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს; ახალი მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს და ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციაში „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
სენატორი დურბინი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია, თბილისში კიევსა და ანკარაში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა, ხოლო საქართველოდან იგი ერევანში გაემგზავრება.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც სენატორს შეხვდნენ, განაცხადეს, რომ განსახილველ თემებს შორის იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები.