ახალი ამბები

ივანიშვილს კლინტონთან შეხვედრა სურს

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმს განაცხადა ორშაბათს, რომ იგი შეეცდება შეხვდეს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, როდესაც ეს უკანასკნელი 5 ივნისს საქართველოში ჩამოვა.

„ჩვენ გვექნება მცდელობა [კლინტონთან შეხვედრის], თუ მოხერხდება. მე ვიცი, რომ ძალიან მოკლე დროით ჩამოდის და ზუსტად არ ვიცი, რა გეგმებია და მოხერხდება თუ არა ესეც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მცდელობა გვექნება“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტს 28 მაისს.

მან ასევე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის აღსანიშნავად კვირას თბილისში გამართულ აქციას "დიდი მნიშვნელობა" ჰქონდა ევროპელებისთვის და "ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრის, ყველაზე ძლიერი მეგობრის ამერიკისთვისაც და ამერიკელებისთვისაც", რომლებმაც დაინახეს, რომ "თავისუფლებისაკენ სწრაფვა ქართველების არის დაუოკებელი, არის ორგანიზებული და შეგნებული, შემეცნებული და რომ ვერავითარი ძალა ვერ შეძლებს მის შეჩერებას".  

საქართველოში ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონი ბათუმში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის, ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს და „პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო სპექტრთან გამართავს მოლაპარაკებებს“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

2012 წლის მარტში ივანიშვილმა არ მიიღო მონაწილეობა საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გიდო ვესტერველესთან შეხვედრაში. მასთან ერთად შეხვედრას უნდა დასწრებოდა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელიც – პარტიის, რომელსაც ივანიშვილი „ფსევდო–ოპოზიციურ“ პარტიად მიიჩნევს.

Spiegel Online-ისთვის მარტში მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა ამის თაობაზე განაცხადა: „გულწრფელად რომ გითხრათ, მან [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა] ცოტათი შეურაცხყოფა მომაყენა. მან იმ ფსევდო–ოპოზიციის წევრებთან ერთად დამპატიჟა იმავე შეხვედრაზე, რომლებიც სააკაშვილის ჯიბეში სხედან. ალბათ, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს საბედისწერო გზავნილს შეიცავდა, კერძოდ კი იმას, რომ დასავლეთს არ ადარდებს ჩვენ კოალიცია“.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი საქართველოს ევროპის შვიდ ქვეყანაში 31 მაისიდან 7 ივნისამდე დაგეგმილი ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა, რომლის დროსაც იგი ასევე ესტუმრება დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს. კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, ხოლო 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება, საიდანაც 7 ივნისს თურქეთს ესტუმრება და სტამბულში გლობალური კონტრტერორიზმის ფორუმის მინისტერიალში თანათავმჯდომარის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

Back to top button