ახალი ამბები

კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა ევროპის შვიდ ქვეყანაში 31 მაისიდან 7 ივნისამდე დაგეგმილი ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც იგი ასევე ესტუმრება დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს.

„სახელმწიფო მდივანი კლინტონი კავკასიას 4 ივნისიდან 7 ივნისამდე ესტუმრება. ყველა ამ ქვეყანაში იგი რეგიონალურ უსაფრთხოებასთან, დემოკრატიასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან და კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს.

5 ივნისს კლინტონი ბათუმში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის.

„იგი ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს და პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო სპექტრთან გამართავს მოლაპარაკებებს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში კლინტონი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში მას შესაძლებლობა ექნება ბათუმს ეწვიოს, რათა „ქართველი ხალხის სითბო განვიცადო და საქართველოს მომავლისადმი ჩვენი ერთგულება დავადასტურო“.

„წელს აღინიშნება აშშ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ოცი წლისთავი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში“, – აცხადებს კლინტონი.

„ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს საქართველოს გააღრმავოს ევრო–ატლანტიკური ურთიერთობები და გააძლიეროს დემოკრატიის ინსტიტუტები, და ჩვენ კვლავ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვიდექით 20 წლის წინ, თქვენი აღდგენილი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, და დღესაც თქვენთან ერთად ვდგავართ. და ახლა, როდესაც ამ განსაკუთრებულ დღეს აღნიშნავთ, ჩვენი სურვილია ვიმუშავოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ხალხთან უფრო მშვიდობიანი და აყვავებული მსოფლიოს ასაშენებლად“.

კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, ხოლო 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება, საიდანაც 7 ივნისს თურქეთს ესტუმრება და სტამბულში გლობალური კონტრტერორიზმის ფორუმის მინისტერიალში თანათავმჯდომარის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

Back to top button