ახალი ამბები

ივანიშვილი 27 მაისის აქციაზე ხალხმრავლობისკენ მოუწოდებს

27 მაისის აქცია, რომლითაც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს, იქნება ძალების დემონსტრირება და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების მიღწევას გააადვილებს, განაცხადა კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

„ჩვენთვის ეს დღე ძალიან სერიოზული იქნება და მინდა თითოეულს ვთხოვო, გულწრფელად ვთხოვო, რომ არ დაიზაროთ და აუცილებლად მოხვიდეთ 27 მაისის აქციაზე; რაც უფრო მეტი ხალხი მოვა, მით უფრო იოლი იქნება ჩვენი გამარჯვება; რაც უფრო მეტ ძალას ვაჩვენებთ ჩვენ, მით უფრო სწრაფად დაიხევს დღევანდელი მოძალადე სააკაშვილი უკან და მით უფრო გაგვიიოლდება ჩვენ ოქტომბერში არჩევნების მოგება“, – განუცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ 24 მაისს.

„ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები 27 მაისს დღის 1 საათზე სამ სხვადასხვა ადგილას დაიწყებენ თბილისში შეკრებას – ვაკის პარკთან, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონთან და ავლაბარში, საიდანაც მსვლელობით დაიძვრებიან თავისუფლების მოედნისკენ, სადაც აქცია 15:00 საათზე დაიწყება

კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა 25 მაისს, რომ კოალიციას საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მუდმივი კონტაქტი აქვს თბილისის მერიის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ აქციაზე ძალიან ბევრ მოქალაქეს ელოდება და ვარაუდობს, რომ მათ თავისუფლების მოედანი ვერ დაიტევს. ამიტომ, ძიძიგურის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან დამატებითი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც აქციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

Back to top button