ახალი ამბები

ჯიოევა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ვიცე–პრემიერად დაინიშნა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 23 მაისს ოპოზიციის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა ვიცე–პრემიერად დანიშნა, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

ჯიოევას სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის თემა დიდხანს განიხილებოდა ცხინვალში და მისი დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა. ის დე ფაქტო მთავრობაში სოციალურ სფეროს გაუწევს კურირებას.

ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯიოევას ერთ–ერთი მთავარი მხარდამჭერი, სეპარატისტული რეგიონის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი ლეონიდ თიბილოვმა მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნა. 

თიბილოვი სეპარატისტული რეგიონის ლიდერი მარტსა და აპრილში გამართული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტურის შედეგად გახდა. განმეორებითი არჩევნები იმის გამო ჩატარდა, რომ ნოემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც გამარჯვება ალა ჯიოევამ მოიპოვა, გაუქმდა.

ჯიოევა სეპარატისტული რეგიონის მთავრობის ახალი ხელმძღვანელის როსტიკ ხუგაევის მოადგილე გახდა. ხუგაევი პრემიერ–მინისტრის პოსტზე სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა მიმდინარე თვეში დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდა ჯიოევა, რომელმაც ახლახანს თავისი საკუთარი პარტია დააფუძნა. 

 

Back to top button