
პარლამენტმა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღო
პარლამენტმა 22 მაისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ასევე მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევს.
მესამე მოსმენისთვის ინიციატივას დაემატა დებულება, რომელიც ივანიშვილს საშუალებას აძლევს ასევე დაიკავოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 მაისს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებით „ჩვენ ძირი გამოვუთხარეთ შეთქმულებას, რომელიც ჩვენი არჩევნების დელეგიტიმაციას ისახავდა მიზნად“.
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებამ უარი უთხრა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზე და სანაცვლოდ ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გამოყენება ურჩია, შემოთავაზებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე იყაროს კენჭი არჩევნებში.
ამ შემოთავაზების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და „ბოლო 5 წელი ცხოვრობდა საქართველოში“ შესაძლებლობა ექნება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ივანიშვილის თქმით, ეს საკონსტიტუციო ცვლილება „აბსურდია“.