
კლინტონი საქართველოს ნატოში მისწრაფების შესახებ
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, რომ დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულება აჩვენოს, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 21 მაისს.
მან ეს განცხადება გააკეთა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კოლეგებთან ოთხი ასპირანტი ქვეყნიდან – ბოსნია და ჰერცეგოვინადან, მონტენეგროდან, მაკედონიიდან და საქართველოდან, რომელიც ჩიკაგოში ნატოს ორდღიანი სამიტის დასკვნით დღეს გაიმართა.
კლინტონმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის ერთგულების დასტურია და დასძინა: „მჯერა, რომ ეს იქნება ბოლო სამიტი, რომელიც არ არის გაფართოების სამიტი“.
შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ოთხივე ასპირანტ ქვეყანაზე ისაუბრა.
საქართველოს შესახებ მან განაცხადა, რომ მოკავშირეები „ძალიან მადლიერნი არიან მისი წვლილის გამო“ ISAF-ის ოპერაციაში და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე საქართველო ალიანსის ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.
„საქართველომ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, რათა დაანახოს მსოფლიოს, რომ ის ნატოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია“, – განაცხადა კლინტონმა.
„ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმებით საქართველოს ძალის გამოუყენებლობის პირობას და რუსეთს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.
ნატოს და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ თავმჯდომარეობდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ოთხ ქვეყანას „განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ნატოს პარტნიორებს შორის“.
„დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, თუ რამდენად ძლიერადაა დაკავშირებული თქვენი ოთხი ქვეყანა ალიანსთან და რამდენად გვინდა ჩვენ ამ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება“, – მიმართა ვერშბოუმ ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.