
სააკაშვილი: ჩიკაგოს სამიტი პროგრესია საქართველოსთვის
საქართველოს განხილვა ბალკანეთის ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ერთ–ერთი მთავარი პოზიტიური ელემენტია, რომელსაც თბილისი ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან იღებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 მაისს.
ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნებისა და ოთხი ასპირანტი ქვეყნის – საქართველოს, მონტენეგროს, მაკედონიის და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრები 21 მაისს გამართავენ შეხვედრას.
„რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ არის ის, რომ საქართველო სამ ბალკანურ ქვეყანასთან ერთად არის ჩამონათვალში და გულწრფელად ყველამ იცის, რომ ისინი შეუერთდებიან ნატოს. ამდენად, ამ თვალსაზრისით ეს არის პროგრესი და წარმოადგენს წინსვლას“, – განაცხადა სააკაშვილმა 20 მაისს ჩიკაგოში ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო არ იქნებოდა კმაყოფილი მარტო იმით, რომ ჩიკაგოს სამიტს მხოლოდ დაედასტურებინა ღია კარის პოლიტიკა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდება ნატოს წევრი.
„ვერავინ ვერ იქნება ამით ბედნიერი, რადგან ცხოვრება წინ მიდის, ჩვენც წინ მივდივართ; ჩვენ ყველა ეს რეფორმა გავატარეთ; ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება და არ მოგვეწონებოდა რომ ვყოფილიყავით იმ მოსწავლის როლში, რომელიც კლასში საუკეთესოა, მაგრამ მაინც იმავე კლასში ჩატოვეს. ეს [საქართველოსთან მიმართებით] არ მომხდარა… როდის დავამთავრებთ უმაღლესს? ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ასპირანტ ქვეყნად მიჩნევის გარდა, ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებები ასევე მოიცავს რიგ სხვა მნიშვნელოვან ელემენტებსაც, მათ შორის საქართველოს პროგრესისა და რეფორმების აღიარებას.
სააკაშვილის თქმით, სამიტის საბოლოო კომუნიკეს პროექტში ასევე ასახულია მოწოდება რუსეთისადმი, რომ ძალის არ გამოყენების შესახებ საქართველოს დეკლარაციას ანალოგიური ქმედებით უპასუხოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს „ბალკანეთის ქვეყნებთან ერთ კალათში“ მოთავსება ერთგვარი „გეოგრაფიული გადატრიალებაა“, რომელიც ნიშნავს საქართველოს დასავლეთთან მიკუთვნებას იმ რეფორმების დამსახურებით, რომლებიც ქვეყანამ განახორციელა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩიკაგოს ქუჩებში ნატოს საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეები „წარსულის გადმონაშთებს“ წარმოადგენენ და დასძინა, რომ დღესდღეობით ნატო ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს.
„ვფიქრობ, რომ მომავალი ასეთი ტიპის თანამშრომლობას ეკუთვნის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილისთვის აუდიტორიიდან დასმული შეკითხვები სხვადასხვა თემებს ეხებოდა დაწყებული ქალთა უფლებებით, გაგრძელებული რუსეთით და დამთავრებული ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხებით.
რუსეთზე და სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორი რეგიონის დეოკუპაციის მიღწევის საუკეთესო გზა თავად რუსეთის „შეცვლაა“.
„ვფიქრობ, რომ რუსეთი გარდაუვლად შეიცვლება და როცა ისინი შეიცვლებიან, ვფიქრობ, ავტომატურად გავლენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
როცა მას ჰკითხეს რას ურჩევდა ახალგაზრდა ლიდერებს, სააკაშვილმა უპასუხა: „როცა ადამიანები იწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ ‘ახლა მე უფრო ბრძენი გავხდი’, ამ გზით ადამიანები ნიღბავენ იმას, რომ ისინი ნაკლებად ქმედითები არიან… სიბრძნე რეალურად ნიშნავს, რომ რისკებზე არ მიდიხარ და ერთი რამ, რასაც ყველა თქვენთაგანს გირჩევთ გააკეთოთ არის ის, რომ ყოველთვის რისკზე წადით; ეს ერთადერთი გზაა წარმატებისთვის“.
ქალთა უფლებების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, სააკაშვილმა განაცხადა: „ეს ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა“.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებისთვის შეეცდება ბევრი ქალი კანდიდატი ჩასვას სიაში.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ ქალები კაცებზე უკეთესები არიან. ეს ჩემი ოფიციალური განცხადებაა“, – განაცხადა სააკაშვილმა, რითიც აუდიტორიაში სიცილი გამოიწვია. მან რამოდენიმე წამში დასძინა: „მე ვიცი რომ ეს ფემინისტებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებაა, მაგრამ ეს ასეა, უკაცრავად“.