ახალი ამბები

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: საქართველოსთან ურთიერთობებში რაიმე სადავო საკითხები არ არსებობს

ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობაში რაიმე „სადავო საკითხები“ არ არსებობს, იტყობინება აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო Trend–ი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, ელმან აბდულაევზე დაყრდნობით 19 მაისს.

მისი თქმით, დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სასაზღვრო ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხი „სუფთა იურიდიული საკითხია“, რომელიც დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ორმხრივი კომისიის ფარგლებში განიხილება.

აბდულაევმა ასევე განაცხადა, რომ როგორც მოსალოდნელია, ამ საკითხს საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოში ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

დავით–გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი უკვე დიდი ხანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ–ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს.  

საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 მაისს გამართულ სატელეფონო საუბარში უკანასკნელ პერიოდში წარმოქმნილი პრობლემა განიხილეს, რაც დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან საზღვრის სადაო მონაკვეთზე 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენას უკავშირდება, რის შედეგადაც დამთვალიერებლებს საქართველოდან არ აქვთ საშუალება კომპლექსის ზოგიერთი ნაწილი მოინახულონ.

მსგავსი/Related

Back to top button