
ივანიშვილმა რუსეთში დეველოპერული აქტივები 982.5 მლნ დოლარად გაყიდა
ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ოთხი მსხვილი დეველოპერული აქტივი 982.5 მლნ დოლარად გაყიდა, იტყობინება ივანიშვილის ბიზნესების მმართველი კომპანია „უნიკორი“ თავის ვებ–გვერდზე 16 მაისს.
აქტივები ჯგუფმა „БИН“–მა, სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესზე ორიენტირებულმა სამრეწველო–ფინანსურმა კომპანიამ შეიძინა, რომლის თანამფლობელებიც არიან მიხეილ გუცერიევი, საიტ გუცერიევი და „ბინბანკის“ პრეზიდენტი, მიხეილ შიშხანოვი. ამ უკანასკნელმა მოაწერა ხელი „უნიკორთან“ გარიგებას, რომელიც ყველა პროცედურის გავლის შემდეგ 15 აგვისტომდე დასრულდება.
საუბარია ოთხი მსხვილი აქტივის გაყიდვაზე, რომელთაც ივანიშვილი მოსკოვის პრესტიჟულ უბნებში ფლობდა. ესენია: 11 ჰექტარზე მშენებარე ელიტური საცხოვრებელი მიკრორაიონი „სადოვიე კვარტალი“, რომლის მეპატრონეც მიხეილ შიშხანოვი გახდება; ყოფილი სასტუმრო „ცენტრალნაიას“ მშენებლობისა და რეკონტრუქციის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია „Mandarin Oriental Hotel Group“–ის ქსელში შემავალი სასტუმრო კომპლექსის „ლუქს ოტელის“ მოწყობა; მრავალფუნქციური კომპლექსი „სამიტი“, რომელიც აერთიანებს სასტუმროს „InterContinenal Moscow Tverskaya“–ს, ბიზნეს–ცენტრს და სავაჭრო ცენტრს; და 8.8. ჰექტარი ტერიტორია, რომელზეც საწარმო „კაუჩუკი“ მდებარეობს – ამ ბოლო სამი აქტივის მფლობელი მიხეილ გუცერიევი გახდება.
ეს უკვე მესამე მსხვილი გარიგებაა მას შემდეგ, რაც მაისში ივანიშვილმა ბანკი „როსიისკი კრედიტი“ და სააფთიაქო ქსელი „დოქტორ სტოლეტოვი“ გაყიდა. სამივე გარიგებით მისაღები თანხა, დაახლოებით, 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
ივანიშვილმა, რომელსაც ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 153–ე ადგილი უკავია, ხოლო მისი ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, ოქტომბერში ქართულ პოლიტიკაში მოსვლასთან ერთად განაცხადა, რომ ის რუსეთთან კავშირების გაწყვეტის მიზნით იქ არსებული ბიზნესების გაყიდვას აპირებდა.
მან გასულ კვირას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაისის ბოლომდე რუსეთში დარჩენილი ყველა აქტივის გაყიდვას გეგმავს.