
საქართველომ გაეროს საჯარო სერვისების ჯილდო მიიღო
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულმა სისტემამ და იუსტიციის სახლებმა წელს გაეროს საჯარო სერვისების ჯილდო მიიღეს, რომელსაც გაერო „საჯარო სამსახურის წარმატებული საქმიანობის ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად“ აფასებს.
გაეროს შესაბამისი სააგენტოს თანახმად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი პირობები სხვადასხვა დონის განვითარების და შემოსავლების მქონე ქვეყნებიდან მიღებული ნომინაციებისთვის, კონკურსანტები ხუთი გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით ჯგუფდება, ესენია: აფრიკა; აზია და წყნარი ოკეანე; ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა; ლათინური ამერიკა და კარიბის ქვეყნები; და დასავლეთ აზია. საქართველოდან წარდგენილი ნომინანტები დასავლეთ აზიის რეგიონში დაჯგუფებულ კონკურსანტებს შორის იყვნენ.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კურირებს, მეორე ადგილზე გავიდა კატეგორიაში „საჯარო სამსახურში კორუფციის აღკვეთა და დაძლევა“. იმავე კატეგორიაში და იმავე გეოგრაფიულ რეგიონში პირველი ადგილი თურქეთის იუსტიციის სამინისტროს SMS საინფორმაციო სისტემამ დაიკავა.
საერთაშორისო გამჭირვალობის 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებლის მცირედით გაუმჯობესება სწორედ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვის ფაქტორს დაუკავშირდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებმა მეორე ადგილი გაიყო ეგვიპტესთან კატეგორიაში „საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“; იმავე რეგიონში და იმავე კატეგორიაში პირველი ადგილი ლიბანმა დაიკავა.
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მომსახურებებს უწევს. ამჟამად იუსტიციის სახლები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს და წელს კიდევ 8 იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება, მათ შორის თბილისში. 2013 წელს დამატებით ოთხი სახლი გაიხსნება.
„გაერომ მიანიჭა საქართველოს თავის ყოველწლიური, ძალიან პრესტიჟული მსოფლიოს მასშტაბით პრემია რეფორმებში და გაეროს პრემიები მიენიჭა ჩვენს იუსტიციის სახლებს და ჩვენს ელექტრონული ტენდერების სისტემას“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს ჯილდოს შეფასებისას, „მართლაც ეს არის მსოფლიოში საუკეთესო სისტემა და ერთადერთი, იუსტიციის სახლებს რაც ეხებათ, და მართლაც რაღაცეებს ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ და რაღაცეებით მართლა ვართ მსოფლიოში ამ ეტაპზე პირველ ადგილზე და კარგია, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც კარგად დაინახა“.