ახალი ამბები

სააკაშვილი ნატოს ჩიკაგოს სამიტის მნიშვნელობაზე


სააკაშვილი ნატოს ჩიკაგოს სამიტის შესახებ საუბრობს ვიდეო–მიმართვაში, 16 მაისს ნიუ–იორკიდან. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 20–21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მან უნდა დააფიქსიროს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, რაც 2008 წლისგან განხვავებით, ყველანაირი აგრესიული გეგმების სერიოზულ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს.

„ეს სამიტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის გაფართოვების სამიტი ნატოსი, მაგრამ ეს არის სამიტი, რომელმაც უნდა დააფიქსიროს საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის კუთხით,“– განაცხადა აშშ–ში ვიზიტად მყოფმა სააკაშვილმა ვიდეო–მიმართვაში.

„სიტუაცია ჩვენთვის წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ რაღაც პარალელებს გავავლებთ, ძალიან ჰგავს ფორმალურად, ზედაპირულად 2008 წელს: მაშინაც იყო ნატოს სამიტი, მაშინაც იყო არჩევნები ამერიკაში, რუსეთში, საქართველოში და რითიც დამთავრდა 2008 წელი, ყველამ კარგად ვიცით იმ სიტუაციაში, როცა ნატომ გარკვეულწილად ყოყმანი აჩვენა. და ამიტომ, ჩვენთვის წელს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს, რომ ჩვენ ნატოში გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა მან.

მან მოიყვანა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება, რომელმაც, მისი თქმით, დაადასტურა ის, რასაც „ნატოს ყველა წევრი ამბობს ბოლო ხანებში ძალიან დამაჯერებლად, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს ინტეგრაციის საკითხში“.

ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში საქართველო სამ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას:  ISAF-ის შეხვედრაში ავღანეთზე; ნატოს 13 პარტნიორის შეხვედრაში, რომელთაც წვლილი შეაქვთ ალიანსის ოპერაციები და ნატოსა და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

„ძალიან ბევრ ადგილზე ვართ წარმოდგენილი და [სამიტი საბოლოო] დოკუმენტში ყველა შემთხვევაში იქნება საუბარი იმაზე, რაზეც ჩვენ არაკეთილმოსურნეებს გაგონებაც არ უნდათ, საქართველოს პროგრესზე და წინსვლაზე ნატოში ინტეგრაციის, ნატოსთან დაახლოების კუთხით – ეს არის დამსახურება როგორც ჩვენი შიდა რეფორმების, ასევე ჩვენი ბიჭების, რომლებიც დღეს იბრძვიან ავღანეთში, ამ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ფრონტზე იმიტომ, რომ ისინი ამ ბრძოლით უზრუნველყოფენ ასევე საქართველოს უსაფრთხოებას და იმას, რომ საქართველოში ვერავინ ვერ გაიმეოროს 2008 წლის სცენარი ვერც წელს და ვერც ოდესმე მომავალში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთსა და შიდა ქართულ ძალებზე, რომლებიც, მისი თქმით, ნატოს მიერ საქართველოს პროგრესის აღიარებას ეწინააღმდეგებიან.

„დღეს ეს, ერთი მხრივ, იწვევს ძალიან დიდ წინააღმდეგობას საქართველოს ტერიტორიის დამპყრობელი ქვეყნის და მეორეს მხრივ, რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები საქართველოდან დარბიან ბრიუსელში, სხვადასხვა დედაქალაქებში და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ნატომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ დააფიქსიროს პროგრესი და პირიქით თქვას, რომ საქართველოში არის სიტუაციის გაუარესება,“– განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს „დიდი მოთმინება“ დასჭირდება, ვიდრე ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება.

„მაგრამ უკვე დღეს ნატოში ინტეგრაციის პროცესი არის ძალიან სერიოზული შემაკავებელი ყველანაირი აგრესიული გეგმების ჩვენს მიმართ და უდაოდ, არის უკვე დღეს, ხაზს ვუსვამ, საქართველოსთვის უსაფრთხოების ფაქტორი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button