ახალი ამბები

სააკაშვილი ‘მილანში რამდენიმე საათიანი გაჩერების შემდეგ’ აშშ–ში გაემგზავრა

პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რომლის დროსაც ის ჩიკაგოსაც ეწვევა, სადაც 20–21 მაისს ნატოს სამიტი გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სამშაბათს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სააკაშვილი ასევე ესტუმრება ნიუ–იორკს და ლოს ანჟელესს და „აშშ–ის პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს“.

17 მაისს დაგეგმილია სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა პრინსტონის უნივერსიტეტში თემაზე „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: გამოცდა პოსტ–საბჭოთა სამყაროსთვის“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე სააკაშვილი 13 მაისს ბრატისლავაში ჩავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში მომხდარი წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებული ორთაჭალის უბანი მოინახულა, სადაც სტიქიამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა. ბრატისლავაში  იგი საქართველოს და ჰოლანდიას შორის 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრო.

15 მაისს ქართულმა გაზეთმა „ალიამ“, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ „ფაშისტური" გაზეთი უწოდა, მილანში მყოფი პრეზიდენტის ფოტოები გამოაქვეყნა სათაურით „სკანდალური ფოტოები!!! 5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში „შოპინგობდა“!!!" ერთ–ერთ ფოტოზე სააკაშვილი ძვირადღირებული საათების მწარმოებელი Officine Panerai–ის მაღაზიაში ჩანს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა 15 მაისს დაადასტურა, რომ სააკაშვილი მართლაც იყო მილანში და აღნიშნა, რომ ეს გადაფრენის მარშრუტით გათვალისწინებული „რამდენიმე საათიანი გაჩერება“ იყო მილანში, მაშინ როდესაც ის ამერიკაში მიემგზავრებოდა. "შოპინგის" შესახებ დასმულ შეკითხვაზე, მანჯგალაძემ უპასუხა: "გთოვთ რომ ცოტა უფრო კორექტულები ვიყოთ კითხვის დასმის დროს."

Back to top button