
რასმუსენი: ჩიკაგოს სამიტი თვალსაჩინოდ აღიარებს საქართველოს პროგრესს
საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე მისი წვლილი ტრანს-ატლანტიკურ უსაფრხოებაში, ნატო-ს მიერ „ძალიან თვალსაჩინოდ“ იქნება აღიარებული 20–21 მაისის ჩიკაგოს სამიტზე, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე დაუახლოვდა თუ არა ნატოს საქართველო, რომელიც ალიანსის ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში, რასმუსენმა უპასუხა: „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია“.
„ჩვენ ამ პროგრესს სამიტის დეკლარაციაში ვაღიარებთ. ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოდ ვაღიარებთ საქართველოს წვლილს“, – განაცხადა მან.
„ფაქტიურად, საქართველო ჩიკაგოში სამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო მონაწილეობას მიიღებს ISAF-ის შეხვედრაში ავღანეთზე; საქართველო მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ–პარტნიორულ ღონისძიებაში, გლობალური მასშტაბით 13 პარტნიორის შეხვედრაში, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებში და საქართველო ამ 13 პარტნიორს შორისაა და რეალურად, ერთ–ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში; და ბოლოს, საქართველო ასევე მიიღებს მონაწილეობას ასპირანტი ქვეყნების შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა რასმუსენმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)