skip to content
ახალი ამბები

პუტინი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს ხვდება სოჭში 12 მაისს. კრემლის ფოტო. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 12 მაისს სოჭში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან გამართა მოლაპარაკებები, რომლის დროსაც რეგიონს მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ "სიტუაცია გამოსწორდება".

ლეონიდ თიბილოვი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუსეთს პირველად სტუმრობს, მეორე სეპარატისტული ლიდერია ალექსანდრე ანქვაბის შემდეგ, რომელსაც პუტინი პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ შეხვდა.

„ჩვენ ვიცით, რაც უძღოდა წინ თქვენს არჩევას,“– მიმართა პუტინმა შეხვედრის დასაწყისში თიბილოვს, „ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ სიტუაცია გამოსწორდება“.

„რესპუბლიკაში ეკონომიკური, სოციალური ხასიათის ძალიან ბევრი პრობლემაა“, – განაგრძო მან, „ოსი ხალხის უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე მომენტებში რუსეთი სამხრეთ ოსეთის გვერდით იყო. ჩვენ გვერდით გედგებით მშვიდობიან დღეებშიც, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს დაჩქარებული აღდგენის აუცილებლობის პირობებში“.

თიბილოვმა მადლობა გადაუხადა პუტინს მხარდაჭერისთვის, მიულოცა პრეზიდენტად არჩევა და ხაზი გაუსვა, რომ მას არჩევნებში მონაწილე სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის „92%–ზე მეტმა“ დაუჭირა მხარი, რაც „იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი… პატივს გცემთ და თქვენს სახელს უკავშირებს თავის ნათელ მომავალს“.

თიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ ცხინვალი „დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით“ შეხვდა პუტინის მიერ 7 მაისს გამოცემულ დადგენილებას რუსეთის საგარეო კურსის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ნათქვამია: „აქტიურად იქნას მხარდაჭერილი აფხაზეთის რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბება თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად, საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ რესპუბლიკების სოციალურ–ეკონომიკური აღდგენა“.

„მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, რასაც დიდი რუსეთი აკეთებს სამხრეთ ოსეთისთვის,“– მიმართა თიბილოვმა პუტინს, „ჩვენ, ჩვენის მხრივ, ერთგული დავრჩებით იმ პრინციპის, რომელიც ისტორიულად აირჩია ჩვენმა ხალხმა: საუკუნოდ რუსეთთან. ჩვენ ამ გზით ვივლით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button