
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილმა რუსეთში სააფთიაქო ქსელი გაყიდა
ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნება“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი სააფთიაქო ქსელი „დოქტორ სტოლეტოვი“ 60–70 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, იტყობინება რუსული გაზეთი РБК daily 12 მაისს.
გაზეთი ასევე იტყობინება, რომ კომპანია, რომელიც 400–ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს, სანკტ–პეტერბურგის საბითუმო ფარმაცევტულმა კომპანიამ „იმპერია–ფარმამ“ შეიძინა, რომლის მფლობელიც, გავცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს შვილია.
სააფთიაქო ქსელის აქციების შეძენა რუსულ საინვესტიციო ფონდს Hi Capital–საც სურდა, თუმცა მოგვიანებით მან უარი თქვა გარიგებაზე იმ მოტივით, რომ ფასი ძალიან მაღალი იყო წამგებიანი კომპანიისთვის.
2011 წელს „დოქტორ სტოლეტოვის“ შემოსავლებმა 4.7 მილიარდი რუსული რუბლი, ხოლო წმინდა ზარალმა 185 მილიონი რუბლი შეადგინა, წერდა რუსული გაზეთი „კომერსანტი“ იანვარში მას შემდეგ, რაც კომპანია "უნიკორმა", რომელიც რუსეთში ივანიშვილის აქტივებს მართავს, ინვესტორებს აქტივების მიყიდვის წინადადებით მიმართა. ამავე ინფორმაციის თანახმად, სააფთიაქო ქსელი 2012 წელს 53 მილიონი რუბლის წმინდა მოგების მიღებას გეგმავდა.
12 მაისს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა 352 მლნ აშშ დოლარად გაყიდა რუსეთში მისი კუთვნილი ბანკი „როსიისკი კრედიტი“, რომელიც ექვსი ინდივიდუალური ბიზნესმენის ჯგუფმა იყიდა.
ივანიშვილმა, რომელსაც ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 153–ე ადგილი უკავია, ხოლო მისი ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვის გეგმებზე ოქტომბერში განაცხადა, როცა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა. მისი აქტივები რუსეთში სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების და მშენებლობის ბიზნესებს მოიცავს. დეკემბერში ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსული კომპანია „გაზპრომში“ მისი 1%–იანი წილი შემცირდა და დარჩენილი აქციები გაიყიდება.
10 მაისს ივანიშვილმა განაცხადა, რომ თვის ბოლომდე იგი რუსეთში ყველა დარჩენილი აქტივის გაყიდვას გეგმავს. "საინტერესო იქნება მერე რაღას მოაბამენ მერე კუდს, როდესაც აღარ მექნება რუსეთთან არავითარი კავშირი", – განუცხდა მან ჟურნალისტებს.
მართალია თავის საჯარო გამოსვლებში პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირ არასდროს ახსენებს ივანიშვილს ან მის ოპოზიციური კოალიციას „ქართულ ოცნებას“, მაგრამ იგი ხშირად მოიხსენიებს მას და მის პოლიტიკურ პარტნიორებს, როგორც რუსეთიდან ან „გაზპრომიდან" დაფინანსებულებს.